ახალი ამბები

20 ივნისის დარბევისას დაკავებულთაგან 121-ს პატიმრობა შეეფარდა

22 ივნისი, 2019 • 852
20 ივნისის დარბევისას დაკავებულთაგან 121-ს პატიმრობა შეეფარდა

ივნისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო დანარჩენი ადმინისტრაციული ჯარიმით ან სიტყვიერი შენიშვნით გათავისუფლდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყება ასევე აცხადებს, რომ “ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო”.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და აზრი გამოხატონ კანონით დაშვებული მშვიდობიანი ფორმით”,  წერია შსს-ს განცხადებაში.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით.

მასალების გადაბეჭდვის წესი