ახალი ამბები

პოლიციელები დაკავებულ მოქალაქეს ურტყამენ და აფურთხებენ[ვიდეო]

21 ივნისი, 2019 • 1429
პოლიციელები დაკავებულ მოქალაქეს ურტყამენ და აფურთხებენ[ვიდეო]

სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამენ პოლიციელები 20 ივნისის ღამით აქციის ძალისმიერი დაშლის შემდეგ დაკავებულ მოქალაქეს.

კადრებში ჩანს, როგორ მოჰყავს ორ პოლიციელს დაკავებული კაცი შეტაკებების ეპიცენტრის ერთ-ერთ მიმდებარე ქუჩაზე. ამ დროს, საპირისპირო მხრიდან მათ კიდევ ერთი პოლიციელი უახლოვდება, რომელიც აფურთხებს დაკავებულს. აღნიშნულის შემდეგ კი, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც კაცს გვერდით უდგას, თავში ურტყამს მას.

კადრებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. უწყებაში ოფიციალურ განმარტებას, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი