ახალი ამბები

ოპოზიციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს – მორიგი აქცია 19 საათზე ჩაინიშნა

21 ივნისი, 2019 • 3146
ოპოზიციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს – მორიგი აქცია 19 საათზე ჩაინიშნა

ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს და ვითარების განსამუხტად 3 წინაპირობას ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას თქმით, თანამდებობები უნდა დატოვონ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თამჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.

“ჩვენი მოწოდება არის მშვიდობიანი პროტესტი. იქაც ვცდილობდით, არ გვქონოდა შეხება პოლიციასთან. პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე გამორიცხულია განმუხტვა. უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი პროტესტი”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.

“ჩვენი მოთხოვნები უკვე არაერთგზის გაჟღერდა. მთავარია ის, ორმ არ შევწყვეტთ აქციებს. ყველა ოპოზიციის ლიდერი შეთანხმებულია. გამოვიდა ყველა, მინუს ერთი. საღამოს, 19:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი