ახალი ამბები

აქციამ შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი – კალაძე

20 ივნისი, 2019 • 1008
აქციამ შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი – კალაძე

თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისში, პარლამენტთან შექმნილი ვითარების გამო პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

“აქცია გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი. პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე. მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე მონაწილეები. პოლიცია, ძალოვანი უწყებები, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად. მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას”, – თქვა კალაძემ.


უკვე რამდენიმე საათია, პარლამენტთან სიტუაცია დაძაბულია. ადამიანები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომას ითხოვენ, პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა — ნიკა მელიამ, გრიგოლ ვაშაძემ და გიგი უგულავამ — რამდენიმე საათის წინ თქვეს, რომ თუკი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური უახლოეს საათებში არ გადადგებიან თანამდებობებიდან, ისინი პარლამენტის შენობას მშვიდობიანად დაიკავებენ.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები პროპორციული სისტემით 2024 წელს უნდა გაიმართოს.

საღამოს პარლამენტის წინ დაიწყო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. რუსთაველის გამზირი დემონსტრანტების დიდი რაოდენობის გამო გადაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი