ახალი ამბები

გურამ ფალავანდიშვილი დაკავებულია

20 ივნისი, 2019 • 3600
გურამ ფალავანდიშვილი დაკავებულია

შსს-მ დააკავა გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ბოლო დღეებში თბილისში გამართული ჰომოფობიური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

შსს-ს თანახმად, მასთან პოლიცია უწყების ჩასაბარებლად მივიდა უკანონო ფორმირების შექმნასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. თუმცა, უწყების ცნობით, ფალადანდიშვილი არ დაემორჩილა მას და სამართალდამცავები სიტყვიერად შეურაცხყო.

“უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, – აცხადებს უწყება.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“  – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მეორე დღეს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

შენიშვნა: რამდენიმე წუთის მანძილზე, მასალაში არასწორად იყო მითითებული მუხლი, რომლის საფუძველზეც ფალავანდიშვილი დააკავეს. “ნეტგაზეთი” ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომისთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი