ბოდიში ასამბლეის მონაწილეებს, პარლამენტში ღონისძიება ვეღარ გაგრძელდება – მდინარაძე

ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო, საპარლამენტო სივრცეში მართლმადიდებლობის საპარლამეტშორისო ასამბლეა ვეღარ გაგრძელდება.

მამუკა მდინარაძე ბოდიშს უხდის ღონისძიების მონაწილეებს და დელეგატებს ამ დისკომფორტისთვის. მისი თქმით, ასამბლეა რომელიმე სასტუმროში გაგრძელდება, სავარაუდოდ.

დეპუტატები უკვე ტოვებენ პარლამენტის შენობას.

“მონა! მონა!” – ამ შეძახილებით აცილებენ უმრავლესობის წევრებს აქტივისტები პარლამენტების შენობიდან.

მამუკა მდინარაძის მტკიცევით, სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად დაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელში. სწორედ ამან გამოიწვია ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი, რომლებიც რუსეთის დუმის დელეგაციის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ.

  • თბილისში,19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დაგეგმა.
  • საპროტესტო აქცია 15:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზეც გაიმართება.

სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მისვლას ბათუმში აქციით გააპროტესტებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ დაანონსა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 15:00 საათიდან ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, აქციაზე უნდა მივიდეს ყველს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნებით, რადგან საქმე ეხება საქართველოში ოკუპანტების შემოყვანას და პარლამენტში უპრობლემოდ დასმას.

მანამდე:

ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და განაცხადეს, რომ არ შემოუშვებენ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიაში მონაწილეობს.

გავრილოვს პარლამენტში აღარ შემოვუშვებთ — „ევროპული საქართველოს“ წევრები

ერთიანი ნაციონალური მოძერაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მოითხოვს “ქართული ოცნების” წევრს ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის წევრის მანდატი შეუჩერდეს. მისი თქმით, ქუცნაშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

მოვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს – თინა ბოკუჩავა

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.

დღევანდელ სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. მან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო სივრცეში.

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.