ახალი ამბები

მოვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს – თინა ბოკუჩავა

20 ივნისი, 2019 • 1280
მოვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს – თინა ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძერაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მოითხოვს “ქართული ოცნების” წევრს ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის წევრის მანდატი შეუჩერდეს. მისი თქმით, ქუცნაშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

“ვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია. თუმც არ გამოგივათ ჯოხი გადატეხოთ ერთ დეპუტატზე, რადგან მან ყველაზე ცხადად გამოაჩინა “ქართული ოცნების” სახე. დიახ, მან ყველაზე ცხადად აჩვენა ის, რომ “ქართული ოცნება” სინამდვილეში რუსული ოცნებაა,”-განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობს.

სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. ამ დროისთვის სხდომის დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათი განცხადებით, სხდომა არ გაგრძელდება მანამდე, ვიდრე რუსული დელეგაცია საქართველოს პარლამენტს არ დატოვებს.

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი