ახალი ამბები

ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოსვლა რუსული თამაშია – მარგველაშვილი

20 ივნისი, 2019 • 1163
ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოსვლა რუსული თამაშია – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ  რუსეთის სპეცსამსახურების ყოველდღიური საქმიანობაა მოძებნოს დაპირისპირების წერტილები საქართველოში და გააღრმავოს ისინი. ერთ-ერთი მთავარი წერტილი, მისი თქმით, პრაიდის თემაა. 

“მე არ მინდა ვინმე რუსეთის ინტერესების გამთამაშებლად მოვნათლო, მაგრამ ის კი მინდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ეს თავიდან ბოლომდე რუსული თამაშია”, – განაცხადა მან 19 ივნისს, როდესაც ვრცლად ისაუბრა თბილისი პრაიდის ირგვლივ დაპირისპირებაზე ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში “ პოლიტმეტრი”.

“მე არ მინდა არავისზე ვთქვა, რომ რომელიმე საქართველოს მოქალაქე პირდაპირ თამაშობს რუსულ თამაშს, მაგრამ იცით, ეს როგორი საშინაო დავალებაა რუსული პროპაგანდისთვის?  დაახლოებით, ვიღაცამ რომ დაწეროს ქუჩაში “Слава КПСС” [დიდება კომუნისტურ პარტიას] და მერე იკითხონ კომუნისტია, თუ არ არის კომუნისტი. ეს არის ყველაზე მარტივი “ზაგატოვკა”, რაც არსებობს რუსულ რბილ ძალაში.  სადღაც ამერიკაში, ევროპაში კიდევ უფრო რთულ თემებს ათამაშებენ, მაგრამ ჩვენთან ის რიტორიკა, რომ ევროპა და ამერიკა გვართმევს ქართველობას და დავიცვათ ქართველობა იმით, რომ დავუპირისპირდეთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს და მათ შეურაცხყოფა მივაყენოთ, გავსრისოთ, ეს არის ათი ათასიდან ათი ათასჯერ გათამაშებული სქემა, რასაც რუსები აკეთებენ”, – ამბობს მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვესმის, შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერე რა, არაუშავს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ  როგორც კი იწყება იმაზე ლაპარაკი, რომ ევროპა ჩვენ ქრისტიანობას გვართმევს, თურმე ევროპა გვინგრევს ოჯახებს და თურმე ევროპა გარყვნილებაა და სასწრაფოდ უნდა გავანდგუროთ ის ადამიანები, ვინც ამ იდეებს ქადაგებს, ეს  ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული ნარატივია. მინდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ეს თავიდან ბოლომდე რუსული თამაშია და იცოდეს, რომ ამ თამაშში დასაცავი, გარდა ადამიანის უფლებებისა [კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლგბტქ თემის უფლებები ადამიანის უფლებებია, ისინი ჩვენ არ გვესხმიან თავს, ისინი თავს იცავენ ყოველდღიური შეურაცხყოფისგან, რომელშიც ცხოვრობენ, სამწუხაროდ] საქართველოს სახელმწიფოცაა. ასეთი თემებით, ასეთი არეულობით ხელს მოითბობს ეფესბე, მათი დაწყებულიც რომ არ იყოს, მათი დაგეგმილიც რომ არ იყოს. მშვენიერი თემაა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვჩუქნით”.

მარგველაშვილის თქმით, ის რაც ამჟამად ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით ხდება, არის სახელმწიფო ინსტიტუტების მეთოდურად დასუსტების შედეგი.

მარგველაშვილი: პრაიდი არ არის თავდასხმა, ლგბტქ თემი არსებობის უფლებისთვის იბრძვის

მარგველაშვილი: ლევან ვასაძის დემონიზაცია მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი