ახალი ამბები

მარგველაშვილი: ლევან ვასაძის დემონიზაცია მოხდა

20 ივნისი, 2019 • 1841
მარგველაშვილი: ლევან ვასაძის დემონიზაცია მოხდა

“დავინახე, რომ მოხდა ლევანის [ვასაძის] დემონიზაცია.  40 წელია ვმეგობრობთ. ახლა არა გვაქვს ასეთი ურთიერთობა, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. ლევანს ცხოვრებაში არავინ არ დაუჩაგრავს, არავისთვის ბოროტება არ გაუკეთებია”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან ვასაძეზე, რომელიც ორიოდ დღის წინ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამოვიდა  და განაცხადა, რომ “სახალხო რაზმს” ქმნის.

ვასაძემ 16 ივნისს, ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. მან თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

მარგველაშვილმა ვასაძეზე და ლგბტქ თემის პრაიდზე 19 ივნისს,  ვრცლად ისაუბრა ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში “პოლიტმეტრი”.

“თქვენ ხედავთ ხომ, რომ ჩვენ განსხვავებულ მოსაზრებაზე ვართ – ჩემთვის ლგბტქ დარდი ბოლომდე გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ,  ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მოვახდენთ ერთმანეთის დემონიზაციას, თუ ერთმანეთს დავარქმევთ სახელებს და ერთნი გავაკეთებთ ამას ქრისტიანობის სახელით, თუმცა ქრისტიანობა ეს არაა და მეორენი გავაკეთებთ თავისუფლების სახელით, ეს ზუსტად ერთი და იგივე მიმართულებით მიმავალი გზა არის.  მე არც ერთ ამ შემთხვევაში ჯერ არ მიპოვია კრიმინალის ნიშნები [გულისხმობს ლევან ვასაძის გამონათქვამებს]. ნუ დავარქმევთ ამას კრიმინალს მანამ, სანამ ეს კრიმინალი არაა. ყველას უნდა მივცეთ თავისუფლების უფლება, მათაც, ვისი აზრიც ჩვენთვის არის მიუღებელი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

“მესმის, რომ რთულია, მეგობარზე გეკითხებით, მაგრამ რამდენად სწორია ამ ორი კომუნის ერთ დონეზე დაყენება, როცა ერთი ამბობს, რომ შექმნის ათეულებს, ასეულებს, როცა ერთი მხრიდან მუქარა და აგრესიაა და მეორე მხრიდან, რაც თქვენ ბრძანეთ, თავის დაცვა?”- ჰკითხა ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა, რაზედაც ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ  “მუქარაზე უნდა დაიწყოს გამოძიება”:

“როგორც კი სიტყვის თავისუფლება გადავა ქმედებაში და მოხდება ერთი ადამიანის ფიზიკურად ხელყოფა მაინც, იქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. მეტიც, სახელმწიფო მანამდე უნდა ჩაერთოს და არ დაუშვას შეჯახება და დაპირისპირება”.

მარგველაშვილის თქმით, მას ორივე ბანაკში ჰყავს მეგობრები და მუდმივად ცდილობს მათ სხვა პერსპექტივა დაანახოს.

ერთ-ერთი მთავარი მათ შორის რუსეთია. მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების ყოველდღიური საქმიანობაა მოძებნოს დაპირისპირების წერტილები და გააღრმავოს ისინი. ერთ-ერთი მთავარი წერტილი, მისი თქმით, პრაიდის თემაა.

“მე არ მინდა ვინმე რუსეთის ინტერესების გამთამაშებლად მოვნათლო, მაგრამ ის კი მინდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ეს თავიდან ბოლომდე რუსული თამაშია”.

ამავე გადაცემაში მარგველაშვილმა ისაუბრა პრაიდის ისტორიაზე და განაცხადა, რომ პრაიდით ლგბტქ თემი არსებობისთვის იბრძვის და ეს მათთვის თავის დაცვის საშუალებაა:

“თუ არ მოგწონს პრაიდი, როცა ნიუსებში გაიგონებ, რომ სხვა ორიენტაციის ადამიანს გაუსწორდნენ, მოკლეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პირველი შენ უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ ეს მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში არ იქნება საჭირო ასე თავგანწირულად საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ ეს უნდა ვიგრძნოთ – ისინი თავს კი არ გვესხმიან, საკუთარ თავს იცავენ”.

მარგველაშვილი: პრაიდი არ არის თავდასხმა, ლგბტ თემი არსებობის უფლებისათვის იბრძვის

მასალების გადაბეჭდვის წესი