ელისეს სასახლე გამოეხმაურა გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კიევისკენ მგზავრობისას მატარებელში თითქოს კოკაინი ჰქონდა.
საუბარია ევროპელი ლიდერების, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და ბრიტანეთის პრემიერის კიევში ერთობლივი ვიზიტისას მატარებელში გადაღებულ კადრებზე. მატარებლის ვაგონში, სადაც ლიდერები მაგიდის ირგვლივ სხედან, ემანუელ მაკრონის წინ დევს თეთრი ხელსახოცი.
როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა შეამჩნია, რომ კამერები უღებდნენ, მაგიდიდან ხელსახოცი აიღო.
მაკრონის ეს ქცევა დეზინფორმაციის საბაბად იქცა რუსი ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტებისთვის და მათთან ერთად, ქართველი პროპაგანდისტებისთვისაც. მათ თეთრი ხელსახოცი კოკაინად გაასაღეს.
ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ვინც დეზინფორმაცია გაავრცელა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაა.
პუტინისტი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის მტკიცებითაც, ემანუელ მაკრონმა თითქოს კოკაინი დამალა.

ფოტო: მარია ზახაროვასა და მარგარიტა სიმონიანის განცხადებები
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა პროპაგანდისტულმა არხმა POSTV-მ კი ევროპელი ლიდერების მატარებელში გადაღებული კადრების აღსაწერად ამერიკელი რადი წამყვანის, ალექს ჯონსის სიტყვები გამოიყენა. ჯონსი ცნობილია კონსპირაციების თეორიებით.
„სკანდალი: მაკრონმა, სტარმერმა და მერცმა ვიდეო გადაიღეს კიევიდან დაბრუნებისას. მაგიდაზე დევს თეთრი ფხვნილის პაკეტი. მაკრონი სწრაფად იდებს პაკეტს ჯიბეში, მერცი კი მალავს კოვზს. არანაირი განმარტება მოცემულ ფაქტზე. ზელენსკიმ, რომელიც კოკაინის ცნობილი მომხმარებელია, ისინი ახლახან მიიღო სტუმრად. სამივე „ლიდერი“ ძლიერ აღგზნებულად გამოიყურება.- ამერიკელი ჟურნალისტი ალექს ჯონსი“, – ამ აღწერით გაავრცელა POSTV-მ ევროპელი ლიდერების მატარებელში გადაღებული კადრები.

ფოტო: POSTV-ის Facebook-დან
„როდესაც ევროპული ერთიანობა არასასიამოვნო ხდება, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკებად ასაღებს“, – ვკითხულობთ ელისეს სასახლის (საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის) განცხადებაში.
როგორც ელისეს სასახლის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დეზინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.
„ჩვენ მანიპულაციების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.
