ახალი ამბები

მარგველაშვილი: პრაიდი არ არის თავდასხმა, ლგბტქ თემი არსებობის უფლებისთვის იბრძვის

20 ივნისი, 2019 • 1548
მარგველაშვილი: პრაიდი არ არის თავდასხმა, ლგბტქ თემი არსებობის უფლებისთვის იბრძვის

“თუ არ მოგწონს პრაიდი, როცა ნიუსებში გაიგონებ, რომ სხვა ორიენტაციის ადამიანს გაუსწორდნენ, მოკლეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პირველი შენ უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ ეს მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში არ იქნება საჭირო ასე თავგანწირულად საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ ეს უნდა ვიგრძნოთ – ისინი თავს კი არ გვესხმიან, საკუთარ თავს იცავენ”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მან თბილისი პრაიდთან დაკავშირებით 19 ივნისს ვრცლად ისაუბრა ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა „პოლიტმეტრში“ და მრავალჯერ გაუსვა ხაზი, რომ პრაიდი ლბგტქ თემისთვის თავის დაცვის საშუალებაა.

“ეს ადამიანები არიან დაცული საქართველოს კონსტიტუციით. ლგბტქ თემს არა მარტო უფლებები აქვს, არამედ დევნის, შევიწროების მძიმე წარსული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, სხვა ქვეყნებშიც ამ ადამიანებს აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ. ეს თქვენ უნდა იცოდეთ. ეს ადამიანები დღეს იბრძვიან არსებობის უფლებისათვის. ეს არ არის თავდასხმა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანებს კლავენ ხშირად. ამ ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას. ამ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. პრაიდი თავის დროზე წარმოიშვა როგორც თავდაცვის იარაღი იმისთვის, რომ შენ არ იყო ჩაგვრის ობიექტი”.

მან ასევე ისაუბრა ლგბტ თემთან დაპირისპირებული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებაზე,  მათ შორის დიალოგის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თუ ვერ შედგება დისკუსია და “შეჯახების დროს გვინდა დავიცვათ ქართული სახელმწიფო, ჩვენ უნდა ვიდგეთ პოლიციის გვერდით, რომელმაც უნდა დაიცვას კონსტიტუცია”.  

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ჯდება “კომბლები” გამოხატვის თავისუფლებაში, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არ ესმის დაპირისპირება ერთის მხრივ ქრისტიანობის და მეორეს მხრივ ლიბერალიზმის სახელით:

“მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს არა ძალადობას სხვა ადამიანზე.  ყოველ შემთხვევაში, 10 წლისამ რომ წავიკითხე ბიბლია, იქ ეგრე ეწერა. შეიძლება ახლა სხვა რაღაც დაწერეს, მაგრამ არც ერთი მოწოდება არ ყოფილა ჩვენი რელიგიის ფუნდამენტში, რომ მიდი და სხვა ადამიანს თავი გაუტეხე. მე მესმის ეს რელიგია, როგორც შემწყნარებლობის და სიყვარულის რელიგია. მეორეს მხრივ, ლიბერალიზმი გულისხმობს, რომ მარტო ჩემი აზრი კი არაა მისაღები, შენი აზრიცაა მისაღები და თუ შენი აზრიც მისაღებია, იმათი რატომ არაა მისაღები. ასე ფიქრობენ ეს ადამიანები, არა აქვთ ასე ფიქრის უფლება? მათაც აქვთ უფლება არ მოსწონდეთ.  არ უნდა დავიცვათ მათი სიტყვის თავისუფლება? არ უნდა დავიცვათ მათი უფლება, არ მოსწონდეთ რაღაც? რა თქმა უნდა, როცა ფიზიკურ დაპირისპირებაზეა საუბარი, იმ წუთას უნდა შევაჩეროთ”.

ამ თემის კონტექსტში მან ასევე ისაუბრა ლევან ვასაძეზე, რომელთანაც, მისი თქმით,  40 წლიანი მეგობრობა აკავშირებს, თუმცა ახლა მასთან აზრთა სხვადასხვაობა აქვს:

“როცა ლაპარაკია ლევანზე [ვასაძეზე], 10 წლიდან ერთადა ვართ  და ასევე დავინახე, რომ მოხდა მისი დემონიზაცია. 40 წელია ვმეგობრობთ. ახლა არა გვაქვს ასეთი ურთიერთობა, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. ლევანს ცხოვრებაში არავინ არ დაუჩაგრავს, არავისთვის ბოროტება არ გაუკეთებია. თქვენ ხედავთ ხომ, რომ ჩვენ განსხვავებულ მოსაზრებაზე ვართ – ჩემთვის ლგბტქ დარდი ბოლომდე გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ,  ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მოვახდენთ ერთმანეთის დემონიზაციას, თუ ერთმანეთს დავარქმევთ სახელებს და ერთნი გავაკეთებთ ამას ქრისტიანობის სახელით, თუმცა ქრისტიანობა ეს არაა და მეორენი გავაკეთებთ თავისუფლების სახელით, ეს ზუსტად ერთი და იგივე მიმართულებით მიმავალი გზა არის. მე არც ერთ ამ შემთხვევაში ჯერ არ მიპოვია კრიმინალის ნიშნები [გულისხმობს ლევან ვასაძის გამონათქვამებს]. ნუ დავარქმევთ ამას კრიმინალს მანამ, სანამ ეს კრიმინალი არაა. ყველას უნდა მივცეთ თავისუფლების უფლება, მათაც, ვისი აზრიც ჩვენთვის არის მიუღებელი”.

“მესმის, რომ რთულია, მეგობარზე გეკითხებით, მაგრამ რამდენად სწორია ამ ორი კომუნის ერთ დონეზე დაყენება, როცა ერთი ამბობს, რომ შექმნის ათეულებს, ასეულებს, როცა ერთი მხრიდან მუქარა და აგრესიაა და მეორე მხრიდან, რაც თქვენ ბრძანეთ, თავის დაცვა?”- ჰკითხა ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა, რაზედაც ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ  “მუქარაზე უნდა დაიწყოს გამოძიება”:

“ როგორც კი სიტყვის თავისუფლება გადავა ქმედებაში და მოხდება ერთი ადამიანის მაინც ფიზიკურად ხელყოფა, იქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. მეტიც, სახელმწიფო მანამდე უნდა ჩაერთოს და არ დაუშვას შეჯახება და დაპირისპირება”.

მარგველაშვილის თქმით, მას ორივე ბანაკში ჰყავს მეგობრები და მუდმივად ცდილობს მათ სხვა პერსპექტივა დაანახოს.

ერთ-ერთი მთავარი მათ შორის რუსეთია. მისი თქმით,  რუსეთის სპეცსამსახურების ყოველდღიური საქმიანობაა მოძებნოს დაპირისპირების წერტილები და გააღრმავოს ისინი. ერთ-ერთი მთავარი წერტილი, მისი თქმით, პრაიდის თემაა.

“მე არ მინდა ვინმე რუსეთის ინტერესების გამთამაშებლად მოვნათლო, მაგრამ ის კი მინდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ეს თავიდან ბოლომდე რუსული თამაშია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი