ახალი ამბები

ადეიშვილის თქმით, მერაბიშვილის ადგილზე გირგვლიანის საქმის გამო, ალბათ, გადადგებოდა

19 ივნისი, 2019 • 2897
ადეიშვილის თქმით, მერაბიშვილის ადგილზე გირგვლიანის საქმის გამო, ალბათ, გადადგებოდა

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ამჟამად თავს საზღვარგარეთ აფარებს, ამბობს, რომ გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ყოფილიყო, გადადგებოდა.

ამის შესახებ ადეიშვილი საუბრობს ექსკლუზიური ინტერვიუს ანონსში, რომელიც რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას პერსონალურ იუთუბ არხზე დღეს, 19 ივნისს გამოქვეყნდა. ნიკა გვარამიას თქმით, ინტერვიუ ზურაბ ადეიშვილთან სწორედ თავის იუთუბ არხზე გამოქვეყნდება პირველად.

“ვანო მერაბიშვილის ადგილზე შენ რომ ყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, გადადგებოდი გირგვლიანის ქეისის შემთხვევაში?” – ეკითხება ნიკა გვარამია ზურაბ ადეიშვილს, რაზეც ის პასუხობს:

“ალბათ, კი”.

როგორც ანონსში არის აღნიშნული, ინტერვიუ “მალე” გამოქვეყნდება.


რა მოხდა გირგვლიანის საქმეზე

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. აღნიშნულს წინ უძღოდა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტი. ამ კონფლიქტის მონაწილეთა ერთ ჯგუფთან იმყოფებოდა იმდროინდელი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია. სალაყაიას რაიმე სახის ბრალდეულობაზე არ უსაუბრია არც იმდროინდელ გამოძიებას და არც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ განახლებულ გამოძიებას.

გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:

“სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”.  გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“

საქართველოს იუსტიციის მინისტრს 2013 წლამდე ჰქონდა საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქცია, რაც გულისხმობდა ინდივიდუალურ საქმეებში ჩარევის შესაძლებლობასაც. 2013 წლამდე, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებისას, იუსტიციის მინისტრი იყო ზურაბ ადეიშვილი. გარდა ამისა, როდესაც საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წავიდა, სახელმწიფოს ინტერესებს, როგორც წესი, სტრასბურგში სწორედ იუსტიციის სამინისტრო იცავდა.

გასამართლებული ყოფილი მაღალჩინოსნები

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, გირგვლიანის საქმეში ბრალი დაუმტკიცდა ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს. ის დამნაშავედ სცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია დამნაშავედ სცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში,  დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივ სიყალბეში. მას 7 წლითა და 6 თვით მიესაჯა პატიმრობა.

სასამართლომ ასევედამნაშავედ სცნო სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. მას ბრალად ედებოდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირებისთვის ციხეში შეღავათიანი და განსაკუთრებული პირობების შექმნის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი