ახალი ამბებისამართალი

გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ცნო დამნაშავედ

28 მარტი, 2017 • 2658
გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის  უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

საქმის მასალების მიხედვითთ, დავით ჩხიტუნიძე 2005-2009 წლებში, სხვადასხვა დროს, იკავებდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.

“მან, როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, ა. ღაჭავას, მ. ბიბილურიძესა და ა. აფციაურს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა  საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია”, – ასეთია ბრალდების პოზიცია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავით ჩხიტუნიძის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ერთი ეპიზოდი) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ორი ეპიზოდი).

სასამართლომ დავით ჩხიტუნიძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სამივე ეპიზოდი დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დ. ჩხიტუნიძეს, დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

დავით ჩხიტუნიძე იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი