ახალი ამბები

ვასაძე: მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი

19 ივნისი, 2019 • 7298
ვასაძე: მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი

ლევან ვასაძე დაპატიმრების შემთხვევაში ძალოვან უწყებებს სთხოვს “ევროპული საქართველოს” დეპუტატ გიგა ბოკერიასთან ერთად მოათავსონ ორკაციან კამერაში და “ცოტა ხანი ნუ შემოიხედავენ”:

“თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ. იმედია იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ მაშინ გიგა ბოკერია მაგალითად არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა.

ერთი თხოვნა მაქვს, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაპატიმრების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე” – ამბობს ლევან ვასაძე.

ამავე თემაზე

პროგრესი მაქვს, სხვები ჩემს ციხეში ჩასმას ითხოვდნენ, ვასაძეს ჩემთან ერთად უნდა საკანში – ბოკერია


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს. შსს-მ ვასაძის განცხადებაზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა თავად ლევან ვასაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.

18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიების გადადებას არ აპირებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი