ახალი ამბები

პროგრესი მაქვს, სხვები ჩემს ციხეში ჩასმას ითხოვდნენ, ვასაძეს ჩემთან ერთად უნდა საკანში – ბოკერია

19 ივნისი, 2019 • 1774
პროგრესი მაქვს, სხვები ჩემს ციხეში ჩასმას ითხოვდნენ, ვასაძეს ჩემთან ერთად უნდა საკანში – ბოკერია

“რაღაც პროგრესი მაქვს. სხვები უბრალოდ ციხეში ჩასმას ითხოვდნენ ჩემსას და ამას ჩემთან ერთად უნდა საკანში” – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” დეპუტატი გიგა ბოკერია ლევან ვასაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას:

“რაღაც პროგრესი მაქვს. სხვები უბრალოდ ციხეში ჩასმას ითხოვდნენ ჩემსას და ამას ჩემთან ერთად უნდა საკანში, ოღონდ ეს სიმპატიის გამოხატვად უნდა ჩავთვალო მისი მხრიდან თუ არა, არ ვიცი ჯერ” – თქვა ბოკერიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

მანამდე, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამართალდამცავ უწყებებს სთხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დააპატიმრებენ, ორკაციან საკანში გიგა ბოკერიასთან ერთად მოათავსონ და “ცოტა ხანი არ შემოიხედონ”:

“თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ. იმედია იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ მაშინ გიგა ბოკერია მაგალითად არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა.

ერთი თხოვნა მაქვს, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაპატიმრების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე” – ამბობდა ლევან ვასაძე.


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს. შსს-მ ვასაძის განცხადებაზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა თავად ლევან ვასაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.

18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიების გადადებას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი