ახალი ამბები

ვასაძე მხარდამჭერებს “კომბლების სხვენში შეწყობისაკენ” მოუწოდებს

19 ივნისი, 2019 • 2672
ვასაძე მხარდამჭერებს “კომბლების სხვენში შეწყობისაკენ” მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებსა და სავარაუდოდ უკანონოდ შექმნილი “სახალხო რაზმების” წევრებს კომბლების სხვენში შემოწყობისაკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ის თავის ვიდეო მიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ბოლო საჩუქარი სახელმწიფოს მიმართ.

“მე მინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს სახალხო საპროტესტო მოძრაობას… მოვუწოდებთ, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში”.

ვასაძის თქმით, ეს ანუ “კომბლების სხვენში შეწყობის” გადაწყვეტილება მათი მხრიდან კეთილი ნების ჟესტია სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. მისი თქმით, კომბლები თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული ქვიარ თემის წინააღმდეგ, არამედ ეს მათ პოლიციისაგან თავის დასაცავად სჭირდებოდათ.

“თუ პოლიცია შეგვდგებოდა წიხლებით და ცემას დაგვიწყებდა . რადგან შსს-მ თქვა რომ პრაიდი არ იქნება, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს”, – ამბობს ვასაძე და დასძენს, რომ ისინი კომბლებს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ ჩამოიღებენ, რომელიც იტყვის, რომ თბილისში პრაიდი ჩატარდება.

“შიშველი ხელებით მოვალთ, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით”, – ამბობს ვასაძე.


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს.

ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.

18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიების გადადებას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი