ახალი ამბები

იგეგმება ჩემი ლიკვიდირება – ლევან ვასაძე

18 ივნისი, 2019 • 2033
იგეგმება ჩემი ლიკვიდირება – ლევან ვასაძე

ლევან ვასაძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება მისი ფიზიკური განადგურება. ბიზნესმენი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ე.წ. სახალხო რაზმი ჩამოაყალიბა, მოუწოდებს თანამოაზრეებს, რომ თუკი მოხდება მისი ლიკვიდირება, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი.

მისი თქმით, თუკი მოხდება მისი ფიზიკური განადგურება, ეს იქნება იმ ძალების ბრალი, რომელსაც უნდა საქართველოს დესტაბილიზაცია.

ნამდვილად არ მინდა, რომ თავი გავიბითურო და რაღაც იმად მოგაჩვენოთ ჩემი თავი. არც ის მინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები ვანერვიულო, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის. ღმერთმა დაგვიფაროს, მე არ მჯერა, რომ ეგეთი რამე შესაძლებელია, მაგრამ რაღაც მსგავსი თუ მოხდა, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ, ჩემის ღრმა რწმენით, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. ანუ, თუ ეს გაკეთდა, ღმერთმა დაგვიფაროს, იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველას, ვინც ამ სახალხო მოძრაობაშია ჩართული, იმისთვის, რომ არ დავუშვათ ის, რასაც არ დავუშვებთ საქართველოში, მივმართავ თხოვნით, რომ რაღაც მსგავსის მცდელობა რომ იყოს ან მოხდეს, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. ეს იქნება იმ ძალების ბრალი, ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია და იმედი მაქვს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება”, – განაცხადა ვერის ბაღში ლევან ვასაძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ სავარაუდოდ უკანონო ჯგუფის საქმეზე 2 ადამიანი – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები დაკითხვაზე იმყოფებიან. თავად ლევან ვასაძე, ჯერჯერობით, დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.

ლევან ვასაძის თქმით, “ცოტა ნაწყენია, რომ ის არ დაიბარეს დაკითხვაზე.”


ლევან ვასაძემ 16 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების მუხლით გამოძიება დაიწყო.

ამის შემდეგ ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებენ, თუმცა მზადყოფნის რეჟიმში რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი