“ცოტა ნაწყენი ვარ, რომ არ დამიბარეს [დაკითხვაზე]“ – ვასაძე შსს-ზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ სავარაუდოდ უკანონო ჯგუფის საქმეზე ამ დროისთვის 2 ადამიანი იმყოფება დაკითხვაზე. ერთ-ერთი მათგანი გურამ ფალავანდიშვილია. თუმცა თავად ლევან ვასაძე ჯერჯერობით დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.

“ყველა დაიბარეს ჩემს გარდა, მე ცოტა ნაწყენი ვარ. მე არ ვთქვი, ის რაც ითქვა?! დამიბარეთ მეც და მოგცემთ ჩვენებას,“ – ამბობს ვასაძე ვერის ბაღში.

გარდა ამისა, ამავე საქმეზე შსს-ს ცნობით გუშინ კიდევ 3 ადამიანი დაკითხეს. მათ შორის ლევან ჩაჩუა, “ქართული იდეის” დამფუძნებელი.

ლევან ვასაძემ 16 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების მუხლით გამოძიება დაიწყო.

ამის შემდეგ ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებენ, თუმცა მზადყოფნის რეჟიმში რჩებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან