ახალი ამბები

კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას – ორგანიზატორები პრაიდის ჩატარებაზე

17 ივნისი, 2019 •
კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას – ორგანიზატორები პრაიდის ჩატარებაზე

შს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.

“ჩვენ ფიზიკურად არ გვქონდა დრო, რომ რეფლექსია მოგვეხდინა იმ ყველაფერზე, რაც მოვისმინეთ შს სამინისტროსთან შეხვედრაზე”, – განაცხადა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” სტუმრობისას.

“ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, რომ გავიაზროთ ეს ინფორმაცია, რაც მივიღეთ, შევხვდეთ მხარდამჭერებს, საერთაშორისო საზოგადეობას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. შემდეგ, ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც ვაგრძელებთ მუშაობას ამ პროცესში ან რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ზოგადად. ჩვენც ვხედავთ რისკებს და ამ რისკებს ხედავს შს სამინისტროც. მე პირადად დავინახე სახელმწიფოს უსუსურობა, პოლიტიკური ნების არქონა. ჯერ ვერ ვისაუბრებ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, უბრალოდ  ადამიანების სიცოცხლე არის ამოსავალი წერტილი. ის ბანდფორმირებები, რომელიც დაანონსეს ლევან ვასაძემ და სხვებმა არის პირადაპირი საფრთხე ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება არანორმატიულად გამოიყურებიან და ქუჩაში ვერ გავლენ ისევე, როგორც მე ვერ გავდივარ ქუჩაში ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ არ ვცხოვრობთ შემდგარ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული”, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

“თბილისი პრაიდის” კიდევ ერთი ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე ეხმაურება ლევან ვასაძის განცხადებას “სახალხო რაზმების” პატრულირების გაუქმების შესახებ და აცხადებს, რომ ლევან ვასაძის და ხელისუფლების ინტერესები რაღაც ნაწილში ემთხვევა.

“ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უშედეგო იყო და ამას უბრალოდ დაემატა ვასაძის განცხადებები. ახლა ხელისუფლებას აქვს საშუალება, ამ განცხადებებს დაეყრდნოს და იჩენს ლოიალობას. პრაქტიკულად შეთანხმდნენ… დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ისეთი პროცესები, როლებიც წარმოუდგენელია დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში მიმდინარეობდეს. დანაშაული ეპატიება ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პოლიტიკურად არის მოსაწონი და კომფორტული მმართველი გუნდისთვის. [ვასაძის და ხელისუფლების] ინტერესები, როგორც ჩანს, დაემთხვა. ხელისუფლების ინტერესია, რომ არ ჩატარდეს “თბილისი პრაიდის” კვირეული და ვასაძის ინტერესია, რომ ქულები დაიწეროს ამ ღონისძიების ჩაშლით”, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს, რომლებიც დღეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ, პრაიდის არჩატარება შესთავაზა.

ლომჯარიამ, რომელიც თავადვე ესწრებოდა შეხვედრას, შემდგომ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შსს-მ აქტივისტებს უსაფრთხოების გარანტიები ვერ მისცა.

ამავე თემაზე:

შსს-მ პრაიდის ჩატარებაზე აქტივისტებს უარი უთხრა – ლომჯარია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი