ახალი ამბები

შსს-მ პრაიდის ჩატარებაზე აქტივისტებს უარი უთხრა – ლომჯარია

17 ივნისი, 2019 •
შსს-მ პრაიდის ჩატარებაზე აქტივისტებს უარი უთხრა – ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს, რომლებიც დღეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ, პრაიდის არჩატარება შესთავაზა.

ლომჯარიამ, რომელიც თავადვე ესწრებოდა შეხვედრას, შემდგომ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შსს-მ აქტივისტებს უსაფრთხოების გარანტიები ვერ მისცა.

ლომჯარია ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ლგბტ თემს დღეს შეკრების თავისუფლების უფლება არ აქვთ და “ეს არის ფაქტი“.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში უკვე საფრთხის ქვეშ დგას არამხოლოდ პრაიდის წევრების უსაფრთხოება, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოება, ამიტომ, მათი მხრიდან გაჟღერდა შეთავაზება, რომ პრაიდი არ ჩატარდეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული.

ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მიიღებენ თემის წარმომადგენლები ორგანიზაციების შიგნით კონსულტაციების შემდეგ. თუმცა, გარდა ამისა, შეხვედრაზე სხვადასხვა პრობლემებზეც იყო საუბარი. მათ შორის, აქტვიისტებმა დააყენეს მოთხოვა, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ვითარების შესაფასებლად, ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც ხელისუფლებამ მათი უფლებების დასაცავად უნდა გაატაროს,“- ამბობს ლომჯარია.

მისივე თქმით, შსს-მ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ღია სივრცეში პრაიდის ჩატარების შემთხვევაში, უსაფრთხოების დაცვა ძალიან გაჭირდებოდა. რაც შეეხება ვასაძის განცხადებებზე გამოძიებას, ლომჯარია ამბობს, რომ აქტივისტებმა შსს-სგან საქმის სერიოზულად წარმართვის დაპირება მიიღეს.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ კომენტარს კონსულტაციების შემდგომ გააკეთებდნენ.


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ უფლებათა აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი