ახალი ამბები

პატრულირებას ვაუქმებთ, – ლევან ვასაძე

17 ივნისი, 2019 • 2342
პატრულირებას ვაუქმებთ, – ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე მის მიერ გუშინ დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს.

ამის შესახებ ვასაძემ მხარდამჭერებს ვერის ბაღში განუცხადა და მიზეზად დაასახელა, თითქოს შს სამინისტრომ ორგანიზატორებს პრაიდის ჩატარება აუკრძალა.

“დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მე მინდა მოვუწონო შს სამინისტროს და პირადად ბატონ მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გადაწყვეტილება და მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. იმის გამო, რომ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს არ გამუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას, არ მოვდუნდებით, მაგრამ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს და როგორც კეთილი ნების ჟესტს, გავაუქმებთ გამოცხადებულ პატრულირებას, რომელიც ჩვენ მიერ ხვალ უნდა დაწყებულიყო. ვენდობით შს მინისტრს, რომ ისინი არ დაუშვებენ უმსგავსობის აქციას. მაგრამ ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მოგვატყუებს, დაპირებულს შევასრულებთ. ერთი ტელეფონის ღილაკით გავჩნდებით იქ, სადაც ადამიანები არ დაემორჩილებიან სამინისტროს ამ რეკომენდაციას და მივაბრძანებთ მათ იქიდან”, – განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძემ გუშინ, 16 მარტს განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების მუხლით გამოძიება დაიწყო. დღეს დაკითხვაზე დაიბარეს ე.წ. გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთი თანამონაწილე ლევან ჩაჩუა. თავად ვასაძე აცხადებს, რომ ის დაკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ, მაგრამ თუ ეს მოხდება, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, სამართალდამცველებთან ითანამშრომლებს.

“არავითარი პოლიტიკური ამბიცია მე არ მამოძრავებს. კაცი უნდა იყო გიჟი, რომ გინდოდეს ის, რაც მე გადავიტანე და რასაც გადავიტან ამ დღეებში მე და ჩემი ოჯახი; და კაცი უნდა იყო მაიმუნი, რომ შენი ახლობლები, ოჯახის წევრები ამ წნეხში გაატარო რისთვის, გარდა სამშობლოს სიყვარულისა?! მე ვიცოდი, რომ დამცინებდნენ და გოიმობას დაუძახებდნენ კომბლეს, იტყოდნენ, რომ შავრაზმელი ფანატიკოსი ვარ. მე განზრახ გავაკეთე ეს ყველაფერი, რათა ამ სერიოზულ სიტუაციაში შემომეტანა გარკვეული კულტურული სიმსუბუქე და სულაც არ მრცხვენია, ვიყო ჩემი ქვეყნის ტრადიციების, ისტორიის და ზღაპრების შვილი”, – დასძინა ლევან ვასაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი