ახალი ამბები

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში 3 ათასი IT სპეციალისტი გადამზადდება

17 ივნისი, 2019 • 3135
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში 3 ათასი IT სპეციალისტი გადამზადდება

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT [ინფორმაციული ტექნოლოგიები] სპეციალისტი გადამზადდება.

როგორც კასრაძემ ნეტგაზეთს უთხრა პროგრამა სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. იმისთვის, რომ გადამზადება გაიაროს, აპლიკანტებს ამ სფეროში გარკვეული საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეთ. პროგრამას მსოფლიო ბანკი 3 მლნ აშშ დოლარით აფინანსებს.

“ვიწყებთ 3 ათასი IT პროფესიონალის გადამზადების პროგრამას. შერჩევის პროცესში მსურველებს გამოცდა ჩაუტარდებათ, რათა პროგრამისთვის საუკეთესო მსმენელები შევარჩიოთ. ამ პროგრამის მიზანი ე.წ ცოდნის ექსპორტია ანუ როცა ქვეყნიდან არ გადიხარ, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაში ფული შემოდის. ინფორმაციული ტექნოლოგიები არის ის მიმართულება, როცა უცოხოურ კომპანიაში სამუშაოდ ქვეყნის დატოვება აუცილებელი არ არის. ამ ადამიანებს შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ინტერნეტის მეშევეობით [დისტანციურად] უცხოურ კომპანიებს მომსახურება გაუწიონ. ამით ქართულ ეკონომიკაში შემოვა ის ანაზღაურება, რომელსაც ევროპული თუ ამერიკული კომპანიები IT სპეციალისტებს უხდიან,” – აცხადებს კასრაძე.

“ამ პროგრამის ფარგლებში კვლევა ჩავატარეთ და გამოვყავით IT მიმართულებები, რაშიც ეს სპეციალისტები გაივლიან გადამზადებას. ამ კვლევით მოხდა ბაზრის ანალიზი თუ რა პროფესიებზეა მოთხოვნა მსოფლიოში. ამასთან, შევისწავლეთ როგორია მოთხოვნის საპასუხოდ მიწოდება. ვნახეთ, რომ ყოველდღიურად იზრდება IT მიმართულებებზე მოთხოვნა, რადგან დღეს არ არსებობს სფერო, რომელიც ინფორმაციულ ტექნოლოგიებს არ იყენებს. ამიტომ გვინდა ბაზარს კონკურენტუნარიანი კადრები მივაწოდოთ.”

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან საერთაშორისო სერთიფიკატის გამოცდაზე გავიდნენ, რომლის ხარჯსაც პროგრამა დაფარავს.

“რთული იქნება წინასწარ თქმა, რომ ყველა ჩააბარებს ამ გამოცდას, მაგრამ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა მიიღოს ეს საერთაშორისო სერთიფიკატი. დღეს ქართულ ბაზარზე IT-ის სფეროში დასაქმებულთა  თვიური ხელფასი 3 ათასი ლარია, რაც ნიშნავს, რომ გადამზადების შემდეგ მხოლოდ ქართულ კომპანიებში რომ დასაქმედნენ, ესეც დიდი შენატანი იქნება ქართულ ეკონომიკაში. თუმცა ჩვენ გვინდა, რომ მათ საერთაშორისო სერთიფიკატი აიღონ, რათა შეკვეთა უცხოური კომპანიებისგან მიიღონ. ამ შემთხვევაში მათი ხელფასი მინიმუმ ორჯერ მეტი იქნება,”-აცხადებს კასრაძე

რამდენიმე დღეში სატრენინგო ცენტრების შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ტენდერით რამდენიმე ცენტრის შერჩევა მოუწევთ, რადგან ერთ კომპანიას ამ სერვისის მიწიდება გაუჭირდება. ამასთან, ეს ცენტრები ვალდებულნი იქნებიან ტრენერები თავად ჰყავდეთ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მოითხოვს, რომ თითოეულ მათგანს საერთაშორისო სერთიფიკატი გააჩნდეს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ის პირები, რომლებიც საქართველოდან უცხოურ კომპანიებში დასაქმდებიან, გადაიხდიან თუ არა საშემოსავლო გადასახადს საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ანუ განახორციელებენ თუ არა ისინი კონტრიბუციას ბიუჯეტში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ცალკეული პირების საქართველოდან უცხოურ კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში, ისინი გადასახადის გადამხდელებად უნდა დარეგისტრირდნენ, თუმცა პროგრამის მიზანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ ადამიანებმა საქართველოში დააფუძნონ IT კომპანიები და უცხოური კომპანიების უფრო მსხვილ შეკვეთებზე იმუშაონ. ადგილზე დაფუძნებული კომპანიები კი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დაიბეგრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი