ახალი ამბები

„პრაიდი“ შსს-ს მოუწოდებს, ვასაძის მუქარაზე გამოძიება დაიწყოს

16 ივნისი, 2019 • 1630
„პრაიდი“ შსს-ს მოუწოდებს, ვასაძის მუქარაზე გამოძიება დაიწყოს

თბილისის პრაიდის ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის მუქარაზე.

ვასაძემ 16 ივნისს საღამოს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნის — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

„პრაიდის“ თანახმად, მისი განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ნიშნებს.

ჯგუფის შეფასებით, სახეზეა დანაშაულის ყველა ელემენტი:

  • ჯგუფი იქმნება იმისთვის რომ, პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს (“ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ”) – განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ მუხლი 144),
  • ქამრები და კომბლები შეიძლება ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ,
  • ეს მიზანი პირდაპირაა გაცხადებული ანუ სახეზეა განზრახვა,
  • რეალური და მყისიერი საფრთხე სახეზეა.

ნეტგაზეთი უკვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყება თუ არა ვასაძის განცხადებაზე გამოძიება და გამოკითხავენ თუ არა მას 16 ივნისის საღამოს საჯარო გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი