ახალი ამბები

გაერო, EU და დიპლომატიური მისიები მთავრობას “პრაიდის” მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებენ

30 ივნისი, 2021 •
გაერო, EU და დიპლომატიური მისიები მთავრობას “პრაიდის” მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებენ

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თბილისში დაგეგმილ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს ხელისუფლებას შეკრების უფლების დაცვისკენ მოუწოდებენ.

განცხადების ავტორები მხარს უჭერენ რა ყველა ადამიანის თანასწორობას და მათი უფლებებს დაცვას, სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება ყველა ადამიანისთვის გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში, სიძულვილისა და ძალადობის გარეშე.

“საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს მოიცავს ლგბტქი+ ადამიანების უფლებას, მოაწყონ მანიფესტაციები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, და მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და დაიცვან თავიანთი უფლებები. 2014 წლიდან, საქართველოს ნიშანდობლივი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გამყარებულია კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის პრინციპით და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ჰქონდეთ”, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

“საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად და პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის გასამართად. ჩვენ ერთად ვდგავართ ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დასაცავად”, — ნათქვამია განცხადებაში.


1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში “ღირსების მარში” გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები “პრაიდის” ჩაშლით იმუქრებიან.

ლგბტქ+ თემის წევრები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ივლისში დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ უნდა ჩაატარონ.

მათთვის ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს: სახელმწიფო ისევ არ არის მზად, თანაბრად უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერის ეს დამოკიდებულება მათთვის ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებად აღიქმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი