ახალი ამბები

მაგთი ფიქსის აღარ გაუქმდება

14 ივნისი, 2019 • 2463
მაგთი ფიქსის აღარ გაუქმდება

მაგთიკომის ინფორმაციით, აბონენტებს მაგთიფიქსის მომსახურება არ შეუწყდებათ და კომპანიამ CDMA ლიცენზია 10 წლის ვადით მიიღო.

“17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას”,-აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, “მაგთიკომისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მაგთი ფიქსის ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა”.

მარეგულირებლის ცნობით, კომისიამ შპს „მაგთიკომს“ “მათთვის მისაღები პირობები” შესთავაზა, ამასთან, კომპანიას CDMA ლიცენზია სპეციალური ვალდებულებებით გაუგრძელდა.

“კომისიამ მაგთიკომს ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ ამ პერიოდში, „მაგთი ფიქსის“ სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს”,-აცხადებენ მარეგულირებელში.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ოპერატორს ლიცენზიის საფასურის გადახდის შემდეგი პირობები დაუწესა: ლიცენზიის მოქმედების პირველ და მეორე წელს კომპანია გადაიხდის წელიწადში 100 000 ლარს (პირველი გადახდა განხორციელდეს 2019 წლის 13 ივლისამდე, მეორე გადახდა -2020 წლის 13 ივლისამდე), ხოლო საფასურის დარჩენილი ნაწილი ყოველწლიური თანაბარი გადახდის ვალდებულებით განწილვადდეს ლიცენზიის მოქმედების დარჩენილ ვადაზე.

კომისიის ცნობით, მაგთი ფიქსის სერვისით სარგებლობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში.

“შესაბამისად, აღნიშნული ტექნოლოგიით მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მომხმარებლები დარჩებიან საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების გარეშე, რაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს, ვინაიდან მათთვის ამ დროისთვის არ არსებობს ალტერნატიული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების საშუალება”,-აცხადებდნენ კომისიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი