თბილისი პრაიდის ორგანიზატორები აქციას კიბეებზე მართავენ, კანცელარიასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ

თბილისის გეი პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებიც დღეს, 19.00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიასთან აქციას გეგმავდნენ, შენობასთან მიახლოების  შესაძლებლობა არ მისცეს.

ისინი კანცელარიის შენობასთან ასასვლელ კიბეებზე მართავენ აქციას და მოუწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, გამოვიდნენ და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია  შეკრების თავისუფლებაზე.

14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება,  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

პოლიციამ აქციის დაწყებისთანავე მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, თუმცა მალვე გაათავისუფლა.

პოლიცია კანცელარიასთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი. 14 ივნისი, 2019. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
Author with nice biographical info Wordpress dev for Netgazeti