ახალი ამბები

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ სად დგას დღეს სახელმწიფო – თაბაგარი ჩაშლილ აქციაზე

14 ივნისი, 2019 • 1316
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ სად დგას დღეს სახელმწიფო – თაბაგარი ჩაშლილ აქციაზე

მთავრობის ადმინისტრაციასთან პრაიდის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა აქცია დღეს, 19 საათზე ჩაიშალა. პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ სად დგას ქვეყნის ხელისუფლება.

აქციაზე პრაიდის მხარდამჭერებთან ულტრამემარჯვენეები, სასულიერო პირები და მრევლი, მათ შორის, ლევან ვასაძე მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა გიორგი თაბაგარს ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც თავად აცხადებს, პოლიციელებმა ის მანქანით შედარებით მოშორებით, მისივე უსაფრთხოებისთვის გაიყვანეს.

თაბაგარი ამბობს, რომ მიუხედავად დღევანდელი ინციდენტისა, პრაიდის კვირეული მაინც აუცილებლად ჩატარდება.

“იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დაიცავს ადამიანთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და გააკეთებს განცხადებას იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ახლა კონკრეტულად აქ ხდება და რომელიც პრაიდის კვირეულის განმავლობაში იგეგმება.

ეს, რაც ახლა აქ ხდება, არ არის ნორმალური. სამწუხაროდ, სახელმწიფოს, იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები გაჰყავდეს, პირიქით, ისევ ჩვენ არ გვაძლევს იმ სივრცის დაკავების შესაძლებლობას, რომელიც დაანონსებული გვქონდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ სად დგას სახელმწიფო და რას ემსახურება ეს ყველაფერი“,- ამბობს თაბაგარი ნეტგაზეთთან საუბარში.

აქტივისტები, რომლებიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან შეკრების თავისუფლებაზე საჯარო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ. დღეს განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, პრაიდის ჩატარების უფლება არ მისცეს მის ორგანიზატორებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი