ნენსკრა ჰესი, სავარაუდოდ, 2024-25 წლებში შევა ექსპლუატაციაში — ადმინისტრაცია

ნენსკრა ჰესი, სავარაუდოდ, 2024-2025 წლებამდე ვერ შევა ექსპლუატაციაში, — განუცხადა ნეტგაზეთს ინვესტორის წარმომადგენელმა, სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

თავდაპირველი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, ხოლო ჰესს გამომუშავება 2019 წლიდან უნდა დაეწყო.

ნენსკრა ჰესი 1,031 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, — 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომლის აშენებასაც მოსახლეობის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჰესის ასაშენებლად სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის კონტრაქტი 2015 წელს გაფორმდა.

„ნენსკრა ჰიდროს“ აქციების 90%-ს კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water, 10%-ს კი საპარტნიორო ფონდი ფლობს.

როგორც „ნენკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, თეიმურაზ კოპაძემ 12 ივნისს ნეტგაზეთს განუცხადა, კომპანია ამჟამად ისევ ელის სესხების დამტკიცებას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან — სასესხო ხელშეკრულება არცერთ ბანკთან არ არის ხელმოწერილი. მისივე თქმით, ამჟამად კვლავ მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შესარჩევი ტენდერი. ძირითადი სამუშაოების დაწყება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი, საიდანაც ამუშავებამდე, სულ მცირე, 4 წელი იქნება საჭირო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თეიმურაზ კოპაძის თანახმად, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა 2024-2025 წლებისთვის იგეგმება. 

ნენსკრა ჰესის აშენებაზე ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს არის დადებული ხუთ მოთამაშეს შორის. ესენი არიან თავად ინვესტორი — სააქციო საზოგადოება (სს) „ნენსკრა ჰიდრო“ და სახელმწიფო, რომელსაც ოთხი სუბიექტი წარმოადგენს:

  • საქართველოს მთავრობა/მაშინდელი ენერგეტიკის სამინისტრო, კახი კალაძის ხელმძღვანელობით; ახლა ეს როლი ეკონომიკის სამინისტროს აქვს;
  • ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო);
  • სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე);
  • საპარტნიორო ფონდი;

პროექტის საერთო ღირებულება მილიარდ ოცდათერთმეტი მილიონ შვიდასი ათასი აშშ დოლარია ($1,031 მილიარდი). პროექტის ავტორებს გათვალისწინებული აქვთ, რომ ამ თანხის 30%-ს თვითონ გაიღებენ, 70%-ს კი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან- („ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD), „აზიის განვითარების ბანკი“ (ADB), „ევროპული საინვეისტიციო ბანკი“ (EIB))-  მიღებული სესხები დაფარავს. 

ნენსკრა ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სვანეთის მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილი. 2015 წლიდან მოყოლებული მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მათ შორის, გზებიც გადაკეტეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, რაც უკავშირდება ეკოსისტემისა და კლიმატის ცვლილებას, მეწყრის საფრთხეს, აწუხებთ მაშრიჭალის დატბორვის საკითხიც.

„ნუ დააფინანსებთ ნენსკრა ჰესს“ — გოლდმანის პრიზის მფლობელი EBRD-ს და სხვა ბანკებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com