ახალი ამბები

ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ ადგილობრივებს ჭუბერში გზა აქვთ გადაკეტილი

4 მაისი, 2016 • 3060
ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ ადგილობრივებს ჭუბერში გზა აქვთ გადაკეტილი

მერვე დღეა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში  თემის მცხოვრებლებს გზა აქვთ გადაკეტილი – ისინი ნენკსრა ჰესის მშენებელობას აპროტესტებენ.

ჭუბერის თემის შეფიცულთა საბჭოს წევრმა გია ანსიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მათ სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული გზაზე და სოფელში არ უშვებენ იმ კომპანიის მშენებლებს, რომლებიც ნენსკრა ჰესს აშენებენ.

აქციის მონაწილის თქმით, მათი მოთხოვნაა, შეჩერდეს ჰესის ამ სახით მშენებლობა და განიხილონ სხვა ალტერნატიული პროექტები. იგი ამბობს, რომ იყო 3-4 ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებდა შედარებით მცირე 10-12 მეტრის სიმაღლის კაშხლის მშენებლობას და შედარებით ზევით, კავკასიონი ქედთან ახლოს, ისე, რომ არ დაიტბორებოდა ნენსკრას ხეობა.

“ტბორავენ ყველაზე კარგ ადგილს, რაც კი ჩვენ სილამაზე გაგვაჩნია, თვითონ მაშრიჭალას. თუკი ვინმე შემოვიდოდა სტუმარი, მიგვყავდა და ვაჩვენებდით ამ ტერიტორიას. მაინცდამაინც ამ ტერიტორიას ტბორავენ”, – განაცხადა გია ანსიანმა.

მისი თქმით, ამ ადგილას შესულია მძიმე ტექნიკა, დაწყებულია სამუშაოები. ანსიანი ამბობს, რომ აქციის დაწყების შემდეგ ისინი მივიდნენ სამშენებლო ადგილას და იქ მყოფი დაახლოებით 50-60 ადამიანს მოსთხოვეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ და სამშენებლო სამუშაოები შეაჩერებინეს.

ანსიანის თქმით, აქციის დაწყების შემდეგ აქციის მონაწილეებთან სამშენებლო დირექტორი მივიდა, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ვერ გასცა. ადგილობრივი თვითმმართველობიდან აქციის მონაწილეებთან არავინ  მისულა. მივიდა მხოლოდ რწმუნებული და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

გია ანსიანის თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ საჯარო განხილვების მოწყობას, რადგან აქამდე საჯარო განხილვები იშლებოდა. ანსიანი ამბობს, რომ ამ ჰესის აშენება ვერ მოიტანს იმაზე მეტ სარგებელს, რაც ზიანი მიადგება გარემოს.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოევნ გეოლოგიური საფრთხეების დეტალურ შეფასებას დამოუკიდებელი გეოლოგების მიერ, ხოლო საჯარო განხილვებში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ექსპერტები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ანსიანი ამბობს, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქციის მონაწილეები არ დაიშლებიან და არც შეუშვებენ მშენებლებს ჭუბერის თემის ტერიტორიაზე.

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ჰესის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის შმენებლობას საბანკო სესხის ნაწილში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, “აზიის განვითარების ბანკი” და კორეის “ექსიმ ბანკი” მონაწისლეობენ. ჰესის გამომუშავება წელიწადში 1.2 მილიარდი კვტ/სთ იქნება.

აქცია ჭუბერში ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ. ფოტო: მწვანე ალტერნატივა

აქცია ჭუბერში ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ. ფოტო: მწვანე ალტერნატივა

აქცია ჭუბერში ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ. ფოტო: მწვანე ალტერნატივა

აქცია ჭუბერში ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ. ფოტო: მწვანე ალტერნატივა

აქცია ჭუბერში ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ. ფოტო: მწვანე ალტერნატივა

აქცია ჭუბერში ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ. ფოტო: მწვანე ალტერნატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი