მაგთიკომის ინფორმაციით, 15 ივნისიდან აბონენტები “მაგთი ფიქსის” მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ. კომპანიის ცნობითვე, მაგთი ფიქსის ნაცვლად, იმ ადგილებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, მომხმარებლებს შეუძლიათ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული ტელეფონიით (VoIP) ისარგებლონ.
“მაგთი ფიქსის გაუქმების” მიზეზი CDMA ლიცენზიაა, რომელსაც კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 17 ივნისს გასდის ვადა. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით, კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობს, თუმცა მაგთიკომმა ყველა შესაძლო ვარიანტზე უარი თქვა.
“კომისიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს“, მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის, ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა.
მიგვაჩნია, რომ მაგთი ფიქსის სერვისის გაუქმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემატური ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის აბონენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე მაგთი ფიქსის მომსახურეობით სარგებლობს, არ დარჩეს სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე”, – წერია GNCC-ის განცხადებაში.
კომისია ოპერატორს ორ გზას სთავაზობს: დათანხმდეს კომისიის შეთავაზებებს, ან მომსახურეობის გაძვირების გარეშე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს აბონენტები ალტერნატიული სერვისით.
“თავის მხრივ კი კომპანია „მაგთის“, როგორც ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს, გაითვალისწინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებული ვითარება და განიხილოს კომისიის შეთავაზება”, – აცხადებენ მარეგულირებელში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტების შემცირებულ რაოდენობისა და CDMA-ს მოძველებულ ტექნოლოგიების მიუხედავად, მაინც ცდილობდნენ “მაგთი ფიქსი” არ გაეუქმებინათ. ოპერატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნების საკითხზე მარეგულირებელთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს.
“მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ CDMA ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია და მაგთი ფიქსის აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.
მაგთიკომმა მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო”, – აცხადებენ კომპანიაში.
მაგთის ცნობითვე, კომპანიას არასდროს უთქვამს უარი მომხმარებელებისთვის “მაგთი ფიქსის” მომსახურება მიეწოდებინა, თუმცა ლიცენზის ვადის გასვლის გამო ეს შეუძლებელია.
“მაგთიკომს არასდროს განუცხადებია უარი, უფრო მეტიც, დღესაც მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილ იქნას მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა. მაგთიკომს არანაირი სურვილი არ აქვს, საკუთარ აბონენტებს ამა წლის 17 ივნისს შეუწყვიტოს მომსახურების მიღება, პირიქით, ჩვენი მიზანია მისი შენარჩუნება, თუმცა, ლიცენზიის არარსებობის პირობებში, მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებაა”, – წერია განცხადებაში.