ახალი ამბები

საკონსტიტუციომ დევდარიანის სარჩელი ომბუდსმენთან დაკავშირებით არ მიიღო

12 ივნისი, 2019 • 1893
საკონსტიტუციომ დევდარიანის სარჩელი ომბუდსმენთან დაკავშირებით არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის საჩივარი, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების საშუალებას ითხოვდა, არ მიიღო.

სასამართლო ამბობს, რომ დევდარიანს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები და სასარჩელო მოთხოვნის “ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩლის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით“. 

საქმის “ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დადგენილებაში წერია, რომ განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

რა წერია სასამართლოს დადგენილებაში

სარჩელის თანახმად,  „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ რეკომენდაცია №13/13851 გამოიცა, რომლის საფუძველზეც მოსარჩლის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა.

დევდარიანი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა მას უკრძალავს ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრებას, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოსათვის მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, კანონმდებლობა ირიბად მიუთითებს მისი შესრულების აუცილებლობაზე.

“კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან მიმართებით საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, „როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია გავლენას ახდენს მოსარჩლის უფლებრივ მდგომარეობაზე,“- წერია სარჩელში.

გარდა ამისა, დევდარიანის სარჩელის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, კანონმდებლობა ირიბად მიუთითებს მისი შესრულების აუცილებლობაზე.

დევდარიანი ასევე განმარტავს, რომ სახალხო დამცველი ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული ორგანოს ცნებაში, ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 27 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრულ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნებაში.

“შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს და მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, რისი შესაძლებლობაც მოსარჩლეს ჩამორთმეული აქვს სადავო ნორმის საფუძველზე“. 

ამაზე დაყრდნობით, ზვიად  დევდარიანი სარჩელში წერს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩლის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. ამასთანავე, ხაზს უსვამს, რომ მოსარჩლეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოებმა, სადავო ნორმის საფუველზე, განაცხადეს უარი მის მიმართ გამოცემული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის კანონიერების შემოწმებაზე.

“კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის მიზანს და არსს წარმოადგენს მხოლოდ იმ გარემოების ეკლარირება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა არ იქნეს მოწესრიგებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მავდროულად, მას არ გააჩნია რაიმე სხვა, მით უფრო, გარკვეული სამართლებრივი მოქმედების განხორციელების ამკრძალავი ხასიათი.

მისით არათუ არ არის მოწესრიგებული სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის გასაჩივრების წესი, არამედ პირიქით, ნორმა სწორედ ამ საკითხების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოწესრიგების მიღმა დატოვებისკენ არის მიმართული. ის გარემოება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მასში მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესები, თავისთავად ვერ გამოიწვევს მოსარჩლის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას“,- ამბობს სასამართლო.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, სადავო ნორმის რეგულირების ფარგლები საერთოდ არ შეეხება სახალხო დამცველის მიერ გამოცემული აქტების სასამართლოში გასაჩივრების საკითხს და არ გააჩნია უფლების შემზღუდველი ბუნება. სადავო რეგულირების შინაარსი ამოიწურება სახალხო დამცველის საქმიანობაზე მხოლოდ ხსენებული კოდექსის (გარდა მისი მესამე თავისა) გაუვრცელებლობით, რაც ვერ იქნება აღქმული სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვად.

“მოსარჩლეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოებმა, სადავო ნორმის საფუველზე, განაცხადეს უარი მის მიმართ გამოცემული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის კანონიერების შემოწმებაზე“ 


ზვიად დევდარიანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელობდა, 2018 წლის გაზაფხულზე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს, “ნეტგაზეთმაც” ჩაწერა ინტერვიუ. რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა “ქალთა მოძრაობამ” და “ტაბულამ”. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს.

“ქალთა მოძრაობის” ცნობით, დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი