ახალი ამბებისამართალი

რას ნიშნავს და რამდენად ეფექტური იქნება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა

11 ივნისი, 2019 • 5331
რას ნიშნავს და რამდენად ეფექტური იქნება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტი წარადგინა. შესაბამისი ბრიფინგი რეფორმებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა.

სამუშაო ჯგუფში, რომელიც დაახლოებით 1 წლის მანძილზე მუშაობდა, შედიოდნენ სასამართლო ხელოსუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. ჯგუფში შედიოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და საპარლამენტო ოპოზიცია.

რას მოიცავს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა?

ირაკლი კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მსჯელობა ძირითადად წარიმართა სამი მიმართულებით: დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კობახიძის განცხადებით, კანონპროექტში ყველა საკითხი საერთო შეთანხმების საფუძველზე ჩაიწერა.

კობახიძის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება დაწესდება, რაც აქამდე არ არსებობდა. მისივე თქმით, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე შესაბამისი ინსტანციის მოსამართლეებთან კონსულტაციები გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გამოყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობის საკითხი. მისი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით “ახალი მნიშვნელოვანი რეგულაციები” არსებობს.

“ასევე, მკაფიოდ მოწესრიგდა საბჭოს გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილების პროექტების გამოქვეყნების წესი, მათ შორის, ვადები.

დადგინდა, ასევე, გარკვეული რეგულაციები საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, სამივე ინსტანციიდან აირჩევა საბჭოს თითო წევრი მაინც. ეს არის ახალი რეგულაცია – ინსტანციურობის პრინციპი არის დაცული.

ასევე, ინტერესთა კონფლიქტის წესები გავრცელდება უფრო ფართო წრეზე, არა მარტო საბჭოს წევრების მიმართ, არამედ, ასევე, მაგალითად, მათი ოჯახის წევრების მიმართ, ეს არის ახალი რეგულაცია”, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეფორმა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების საკითხსაც მიემართება. ამ მხრივ, კობახიძემ რამდენიმე რეგულაცია გამოყო. მათ შორის, მისი თქმით:

  • გაიწერა დისციპლინური გადაცდომის სახეები.
  • მოწესრიგდა უშუალოდ დისციპლინური წარმოების პროცესი, გაიწერა წარმოების ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.
  • გაიწერა მტკიცების სტანდარტი, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, საბჭოს მიეცემა საკითხის პროკურატურისთვის გაგზავნის ვალდებულება.
  • ევროსაბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ხუთი წლიდან სამ წლამდე შემცირდა საქმის ხანდაზმულობის ვადა.

კობახიძის თქმით, განმტკიცდა დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გარანტიებიც და მისი შრომის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ანაზღაურებას გაუთანაბრდა. კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოყო, მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებაა, განსაზღვროს სამოსამართლო ეთიკის წესები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული ცვლილებებიც მიმოიხილა. კერძოდ:

  • მსმენელების მიღება დაეფუძნება საბჭოს მიერ განსაზღვრულ პროგნოზს შესაბამისი წლისთვის, ასევე, განისაზღვრა სტიპენდიის რაოდენობა ახალი წესით მსმენელებისთვის.
  • გახანგრძლივდა სკოლაში სწავლის ვადები, გაიწერა მსმენელის მიერ შესაძენი ე.წ. კომპეტენციები.
  • მსმენელებს მიიღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლა და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ეს ამჟამინდელი კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

“ის, რაც ჩანდა შეუძლებელი პროცესის დასაწყისში, დაახლოებით ერთი წლის წინ, აღმოჩნდა, რომ ყოფილა შესაძლებელი…”, – აღნიშნა კობახიძემ ბრიფინგის დასასრულს.

არასაკმარისი ცვლილებები – ნაზი ჯანეზაშვილის მოსაზრება

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელ სხდომაში, ისევე როგორც მანამდე ჩატარებულ შეხვედრებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც მონაწილეობდა. მისი თქმით, ახალ კანონპროექტში ცვლილებები ნამდვილად შეიმჩნევა, თუმცა სასამართლო სისტემის ძიერეული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

ამ კუთხით ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემის გადატვირთულობას გამოყოფს, როცა “მოსამართლეები დატვირთულები არიან, მოქალაქეები კი მართლმსაჯულებას გვიან ღებულობენ”. მეორე მხრივ, ჯანეზაშვილის აზრით, მოსაწესრიგებელია სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე ყოფნის ვადები, რომელთა ხანგრძლივობა არათანაბარ პირობებში ამყოფებს სხვა მოსამართლეებს.

“მინდოდა შეცვლილიყო მიდგომაც, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არიან წარმოდგენილნი სასამართლოს, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები. მაგალითად, ირაკლი შენგელია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, ამავედროულად, არის ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე და, ამავდროულად, საბჭოს წევრი. გამოდის, რომ ერთი ადამიანის ხელში არის რამდენიმე ადმინისტრაციული თანამდებობა და ბერკეტები”, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, სასამართლო სისტემა დღეისათვის ჩაკეტილია და ახალ კადრებს მასში შეღწევის საშუალება ნაკლებად ეძლევათ. ამის მაგალითად მოჰყავს ნაზი ჯანეზაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული ბოლო კონკურსი, რომელიც, მისი თქმით, უმრავლეს შემთხვევაში სისტემაში მყოფ მოსამართლეთა შიდა გადაადგილებით უფრო აღინიშნა, ვიდრე ახალი სახეების მიღებით:

“დაინიშნა სულ 32 ადამიანი. აქედან 7 – ყოფილი მოსამართლე, 3 ახალი, გარედან მოსული კადრი, არამოსამართლე, რომელმაც მერე ფიცი დადო. ამ 10-ის გარდა, დანარჩენი მოქმედი მოსამართლეები იყვნენ. ზოგი სააპელაციოდან გადაიყვანეს საქალაქოში, ზოგს ვადა გაუგრძელეს…”

ნაზი ჯანეზაშვილი დასძენს, რომ ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარების საკითხი ჯგუფის ფორმატში დააყენა, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა აქვე ხაზს უსვამს, რომ შეჩერებას არ აპირებს და საბჭოს კიდევ ერთ არამოსამართლე წევრთან, ანა დოლიძესთან ერთად, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების შეტანას გეგმავს, რომელიც დამოუკიდებელი მოსამართლეების გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სანამ ხელისუფლება თვალს არ გაუსწორებს გარემოებას სასამართლო სისტემაში “მოსამართლეთა კლანის” არსებობის შესახებ, რეფორმა ეფექტური ვერ იქნება.

“მე ხელი არ ჩამიქნევია, რადგან მესმის, რომ ჩემი ხედვა რეფორმებთან დაკავშირებით არის უფრო ფართო. მთავარი გამოწვევა რა არის? კლანი მართავს სისტემას და ამ კლანის დაშლაზე და მისი ძალაუფლების შესუსტებაზე უნდა იყოს რეფორმა მიმართული, რომ მერე ინდივიდუალურად გაძლიერდნენ მოსამართლეები. ეს იმიტომ, რომ შემდგომ იმუშაოს იმ კარგმა კანონებმა და ნორმალურმა რეგულაციებმა, რომლებიც შემოდის. მაგალითად, საბჭოს სხდომა საჯაროა, მაგრამ იცვლება რამე? ის მაინც იღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა. ამიტომ ვამბობ: კარგია კარგი მექანიზმები, თუმცა ის მუშაობს კარგ, ღირსეულ ადამიანებთან, რომელთაც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ”, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი