ახალი ამბები

გორში პოლიციის მანქანა არასრულწლოვანმა გაიტაცა, ის უკვე დაკავებულია – შსს

10 ივნისი, 2019 • 1894
გორში პოლიციის მანქანა არასრულწლოვანმა გაიტაცა, ის უკვე დაკავებულია – შსს

პოლიციამ გორის რაიონის სოფელ ორთაშენში დააკავა არასრულწლოვანი, რომელსაც პოლიციის მანქანის გატაცება ედება ბრალად. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. შსს-ს ცნობით, გენინსპექცია იძიებს ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის განცხადებასაც, რომელიც პოლიციას ფაქტის გადაღების დროს ძალადობაში ადანაშაულებს.

უწყების თანახმად, დაკავებული 2001 წელს არის დაბადებული, წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. სამინისტროს განცხადებით, 10 ივნისს, გამთენიისას, გორში მიმდინარე ოპერატიული ღონისძიების დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული პოლიციის ავტომობილში ჩაჯდა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალზე დიდი სისწრაფით გავიდა.

“მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. კ.წ-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს”, – აცხადებს უწყება.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აღძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.

თავდაპირველ განცხადებაში შსს ამბობდა, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოპერატიული ავტომობილი ოპერატიული ღონისძიების მიმდინარეობისას ამოტრიალდა და დაზიანდა. აღნიშნულ განცხადებაში უწყება არაფერს ამბობდა პოლიციის ავტომანქანის ვინმეს მიერ გატაცებაზე ან შესაბამისი მუხლით გამოძიების დაწყებაზე.

გამთენიისას მომხდარის გადაღებას  Qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ცდილობდა. მისი თქმით,  ამ დროს ათამდე პოლიციელი დაესხა თავს და ცდილობდა მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. საბა წიწიკაშვილმა პოლიციის ამოყირავებული ავტომობილის გადაღება შორიდან მაინც შეძლო. შსს აცხადებს, რომ მომხდარზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი