ახალი ამბებისამართალი

ქარტია პოლიციის მხრიდან ჟურნალისტზე შესაძლო ძალადობის დროულ გამოძიებას ითხოვს

10 ივნისი, 2019 • 3204
ქარტია პოლიციის მხრიდან ჟურნალისტზე შესაძლო ძალადობის დროულ გამოძიებას ითხოვს

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორ საბა წიწიკაშვილისთვის პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში შესაძლო ხელის შეშლის ფაქტის დროულად შესწავლისა და დამნაშავე პირებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე, პროკურატურას.

  • Qartli.ge-ს რედაქტორი ცენტრალურ ავტობანზე ამოყირავებული პოლიციის ავტომობილის გადასაღებად მივიდა, რა დროსაც, მისი თქმით, ათამდე პოლიციელი დაესხა თავს და ცდილობდა მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განმარტავს, რომ დაუშევებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და ამ უფლების დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით (154-ე მუხლი) ისჯება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჟურნალისტებს აქამდეც გაუშუქებიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამიტომაც ამ კონკრეტული შემთხვევის დამალვის მცდელობა აჩენს ბევრ კითხვას და ამყარებს ეჭვს, რომ მართლაც მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი მასალა და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, რა მოხდა რეალურად, ვინ იყვნენ მონაწილე პირები და რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს ამ ამბის გავრცელების უფლება”, – აცხადებს ქარტია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გენერალურმა ინსპექციამ qartli.ge-ს რედაქტორის შეტყობინების საფუძველზე ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია ოპერატიულ ღონისძიებას ახორციელებდა ღამის საათებში, რა დროსაც ამოტრიალდა მათი ავტომობილი, თუმცა ინციდენტის შედეგად ფიზიკურად არავინ დაშავებულა.

ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის განცხადებით, შიდა ქართლის შს სამმართველოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისთვის მობილური ტელეფონის წართმევა სცადა, ხოლო დანარჩენები მას პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლებას არ აძლევდნენ.

ვრცლად:

ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი