“უპასუხისმგებლო პარტიის განცხადება” – შავგულიძის შტაბი კალაძეზე

შალვა შავგულიძის შტაბში კახა კალაძის განცხადებას “უპასუხისმგებლოდ” და “გაუგებრად” აფასებენ. კალაძემ ცოტა ხნის წინ კახაძეს გამარჯვება მოულოცა იმ დროს, როდესაც ჯერ ბიულეტინები დათვლილი არ არის.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ახლა ხმის დათვლის მნიშვნელოვანი პროცესი მინდინარეობს და მერის განცხადება გაუგაბარია.

“გაუგებარია ქალაქის მერის განცხადება, რომელიც არც ელოდება რაიმე შედეგს. მათთვის არჩევნები არის მათი შიდა სქემით ჩატარებული პროცესი. მათ პატივი უნდა სცენ შიდა პრიცედურას და მერე ისაუბრონ.

მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით აბსოლუტურად აღვირახსნილ ხელისუფლებას, რომელმაც გამოიყენა გამგეობები, ადმინისტრაციული რესურსი და კრიმინალური ავტორიტეტები ერთად.
ჩვენ იქ ვხედავდით უძლურ პოლიციას,” – ამბობს ხოშტარია და განმარტვს, რომ მსგავსი კლიმატი ქვეყნისთვის სახიფათოა.

ზეწოლაზე ასევე საუბრობს ნინო გოგუაძეც თავისუფალი დემოკრატებიდან, მისი თქმით, დღეს ზეწოლა იყო არამხოლოდ ამომრჩეველზე, არამედ მასზე და ხოშტარიაზეც.

“ჩემი გაკვირვება ძალიან რთულია, იმიტომ, რომ არ ყოფილა ამ ქვეყანაზე არც ერთი არჩევნები, რომლებშიც არ მიმიღია მონაწილეობა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. მაგრამ, რაც დღეს “ქართულმა ოცნებამ” იკადრა და იკადრა იმ ხელისუფლებამ, რომელიც მოვიდა სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ეგიდით და რომლის მოყვანაშიც, სამწუხაროდ, მეც მივიღე მონაწილეობა – მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ვიხილეთ მასობრივად გამოყვანილი ქუჩის ავტორიტეტები, ჩვენ ვიხილეთ პოლიცია, რომელიც აბსოლუტურად უმოქმედოა მაშინ, როდესაც მიდიოდა ადამიანებზე ზეწოლა, დაშინება… ჩემზე და ხოშტარიაზეც კი მოხდა თავდასხმა და პოლიცია იყო სრულიად მშვიდად.

ამ პოლიტიკას ეს ქვეყანა მიჰყავს დაპირისპირებისკენ, რაც ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებში არ არის”- ამბობს გოგუაძე.

რაც შეეხება კალაძეს, გოგუაძე მიიჩნევს, რომ “ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო მერის, უპასუხისმგებლო პარტიის უპასუხისმგებლო [აღმასრულებელი] მდივნის უპასუხისმგებლო განცხადება”.

კალაძემ ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან