შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, დღეს საარჩევნო უბანთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. მათი თქმით, ამჯერად მე-18 უბნის მიმდებარედ პირი დამკვირვებელს თავს დაესხა.
შტაბში განმარტავენ, რომ მათ მალევე გამოიძახეს პოლიცია.
ამ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ, მათი თქმით, საქმეზე უკვე მიმდინარეობს დაკითხვა, ხოლო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კენჭისყრის ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შსს-მ მთაწმინდის შუალედური არჩევნების დროს კონკრეტული პირის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. დღეს დილით, შალვა შავგულიძის შტაბმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ ჩხუბობს და იმუქრება ახალგაზრდა კაცი. “გაიწიე, თორემ გაგჭრი შუაზე,“ – ამბობს კაცი ვიდეოში.
შტაბში ამბობენ, რომ ეს ვიდეოზე აღბეჭდილი პირი “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ნეტგაზეთს მათ მიაწოდეს ფოტოც, სადაც კაცი “ოცნების“ მაისურით სხვა მხარდამჭერებთან ერთად დგას.
შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს დაკითხვა.