ახალი ამბები

თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს – ბინაში მყოფი კიდევ 3 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

8 ივნისი, 2019 •
თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს – ბინაში მყოფი კიდევ 3 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, პოლიციამ ქალის ცხედარი იპოვა. შემთხვევა დღეს, 8 ივნისს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, თავდაპირველად, ადგილობრივების შეტყობინების საფუძველზე ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები გამოცხადდნენ. კორპუსის მაცხოვრებლები მათ ეუბნებოდნენ, რომ უსიამოვნო სუნს გრძნობდნენ.

ერთ-ერთ ბინასთან მოსულ მაშველებს შიგნით მყოფი  ახალგაზრდა ქალი კარის გაღებაზე უარს უცხადებდა. საბოლოოდ, მაშველებმა პოლიციის თანხმობით კარი გახსნეს. სამართალდამცავებმა ბინაში სულ ოთხი ადამიანი ნახეს: ერთი, ასაკოვანი ქალი, გარდაცვლილი იყო. მეორე, ასევე ხანში შესული ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბინაში მყოფი კიდევ ორი ქალი კი კონტაქტური იყო.

საბოლოოდ, სამი ადამიანი(1 უგონოდ მყოფი და 2 კონტაქტური) საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა გახდა მეოთხე პირის გარდაცვალების მიზეზი. სავარაუდოდ, ის ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი