ახალი ამბები

რა სქემით გაკონტროლდება ფარული მოსმენები? – ხმალაძე VS ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილი

26 ნოემბერი, 2014 •
რა სქემით გაკონტროლდება ფარული მოსმენები? – ხმალაძე VS ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილი

დღეისათვის არსებული მდგომარეობით სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებს მსხვილი პროვაიდერი კომპანიების საკომუნიკაციო არხებთან მიერთებული აქვთ სპეციალური მოწყობილობები ე.წ. შავი ყუთები, რომლის მეშვეობითაც სასურველი აბონენტების მიყურადებას ახორციელებენ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული მოწყობილობის მეშვეობით შსს-ს ერთპიროვნულად, კონტროლის გარეშე შეუძლია ამა თუ იმ აბონენეტის კომუნიკაციებზე მიყურადება, თან ისე, რომ ამის შესახებ პროვაიდერი კომპანიებიც არ არიან საქმის კურსში, რადგან ამის საშუალებას ტექნიკურად ე.წ. შავი ყუთი იძლევა, ეს სქემა შეცვლას და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას მოითხოვს. არასამთავრობოთა კოალიციის პრინციპული პოზიციაა, რომ შსს-მ ე.წ. შავ ყუთზე პირდაპირი წვდომა დაკარგოს, რასაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ ეთანხმებიან.

 

ვახტანგ ხმალაძის პროექტი

 

დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ მისი პროექტის მიხედვით, ზემოხსენებული მოწყობილობა, რომელსაც საზოგადოება შავ ყუთად, ხოლო შსს მენეჯერად მოიხსენიებს, სამართალდამცველმა უწყებებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა გადასცენ და სწორედ ეს უწყება იქნება ის დაწესებულება, რომელიც სასამართლოსგან განჩინების მიღების შემთხვევაში გამომძიებელს სასურველი აბონონეტის კომუნიკაციაზე წვდომას გაუხსნის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განხორციელდება ეს პროცედურა ტექნიკურად, დეპუტატი განმარტავს:

“დავიწყოთ იმით, თუ რა არის შავი ყუთი. მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია კომუნიკაციის კომპანიის სისტემასთან, იქნება ეს ჯი-ეს-ემ კომპანია თუ ინტერნერტპროვაიდერი. მოწყობილობას აქვს სათანადო პროგრამურლი უზრუნევლყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს ამას, რომ მიიღოს ინფორმაცია, რომელიც გადის ამ კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით. ანუ, ერთი მხრივ, ეს ინფორმაცია მიიღოს და მეორე მხრივ, ეს ინფორმაცია გადასცეს იმას, ვისთანაც არის მიერთებული. ჩემს პროექტში საუბარია იმაზე, რომ შავი ყუთიდან ინფორმაციის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ამ ფარული მოსმენის სისტემის გარეთ არსებული პირის ბრძანებით. ეს პირი ჩემს პროექტში არის კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

 

განვიხილოთ ორი შემთხვევა: როდესაც კომისიაში მიდის მოსამართლის ბრძანება და მეორე, პროკურორის დადგენილება გადაუდებელი აუცლებლობის შემთხვევაში მოსასმენი არხის დაუყოვნებლივ ჩართვის თაობაზე. ამ შემთხვევაში პროკურორმა 24 საათში უნდა წარუდგინოს სასამართლოს თავისი შუამდგომლობა. როდესაც ეს ბრძანება კომისიის სათანადო სამსახურში მივა, ისინი ვალდებული იქნებიან შეასრულონ მოსამართლის განჩინება და პროკურორის დადგენილება: ჩაირთოს ესა და ეს ნომერი. მაშინ კომისიაში არსებული სამსახური გაგზავნის ელექტრონულ ბრძანებას, რომელსაც მიიღებს პირობითად მაგთიკომში არსებული, აი, ე.ს. შავი ყუთი და ის შავი ყუთი გახსნის არხს, რომლითაც შსს-ს ექნება შესაძლებობა მოისმინოს მხოლოდ ის ნომერი, რომელიც მოსამართლის ბრძანებაშია მითითებული”.

 

ხმალაძის თქმით, ე.წ. შავ ყუთთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით მხოლოდ შსს და კომუნიკაციების ეროვნული კომისია იქნებიან მიერთებული, თუმცა ისეთი პროგრამული უზრუნველყოფით, რომ კომისია მას მხოლოდ შსს-თვის ავტორიზაციის მინიჭებისათვის გამოიყენებს, ხოლო შსს – ავტორიზებული მონაცემების მისაღებად. მისი თქმით, პროგრამული უზრუნველყოფა ისე განხორციელდება, რომ კომისია თვითონ მონაცემების გადაქაჩვას ვერ შეძლებს, ხოლო შსს მისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო არხით თვითნებურად ვერ ისარგებლებს, თუ სისტემას ელექტრონულ ბრძანებას კომისია არ მისცემს, ანუ შესაბამის კოდს არ შეიყვანს.

“არხის გახსნის შემთხვევაშიც, შსს-ს მხოლოდ იმ ნომრებზე ექნება წვდომა, რომელსაც გაუხსნიან”, – ამბობს ხმალაძე.

 

ამასთან, მისივე თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შსს-მ ამა თუ იმ აბონენტის მიყურადება დაიწყო განსაზღვრული ვადით, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორიც მიიღებს ზედამხედველობის წარმოების მიზნით.

 

კითხვას, რა არგუმენტაციით შეარჩია მან ამ პროცესში კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხმალაძე ასე პასუხობს:

 

“იმიტომ, რომ ახალი დაწესებულების შექმნა არ გამხდარიყო აუცილებელი. კომუნიკაციების კომისიას თავად ჰყავს ამ დარგის სპეციალისტები. მართალია, იქ ცალკე სამსახური უნდა შეიქმნას, სათანადოდ დაცული, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების თვალსაზრისით შემოწმებული ხალხით, მაგრამ ამ სისტემაში არსებობს კვალიფიკაციური რესურსი”, – ამბობს ხმალაძე და დასძენს, რომ მისთვის ე.წ. გასაღების კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გადაცემის საკითხი პრინციპული არ არის და შესაძლოა, სხვა ვარიანტიც განიხილოს:

 

“სავსებით შესაძებელია 20-კაციანი დაწესებულების შექმნაც სპეციალურად ამ მიზნისთვის”.

 

ხმალაძის განმარტებით, ე.წ. შავი ყუთის მოწყობილობა საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ მისი მონტაჟი მხოლოდ მსხვილ საკომუნიკაციო კომპანიებთან იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება შედარებით პატარა კომპანიებს, იქ დეპუტატის თქმით, ფარული საგამოძიები მიყურადება “მამაპაპური მეთოდით” მოხდება”:

 

“ასზე მეტი კომპანიაა, ჯამში, ამ ბაზარზე, თუმცა მსხვილი კომპანიები, რომელთაც ბევრი აბონენტები ჰყავთ, დაახლოებით ათია. დანარჩენებთან მამაპაპური მეთოდით მოხდება ეს პროცესი, კომუნიკაციების კომისიის გარეშე. ანუ თუ საჭირო იქნება, მაგალითად, ჩემი საუბრის მოსმენა და წვრილი სატელეფონო კომპანია მემსახურება, მივლენ იქ მოსამართლის განჩინებით, იმ კომპანიაშივე შეუერთებენ ჩემთან დამაკავშირებელ ხაზს მოსასმენ მოწყობილობას და ისე მომისმენენ. კომისიას ამაში არ ექნება როლი. ამის შემოწმების უფლება ექნება ინსპექტორს”, – ამბობს იგი.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტი

კანონპროექტების პაკეტი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს პრინციპების დონეზე გააცნო პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ. მისი განმარტებებით ირკვევა, რომ ე.წ. შავ ყუთზე პირდაპირი წვდომა უნარჩუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყება ფარული მიყურადების განხორციელებას ვერ დაიწყებს, თუ სისტემაში მეორე სუბიექტის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ელექტრონული ბრძანებაც არ აისახება. ანუ, იმისათვის, რომ ფარული მიყურადება განხორციელდეს, ორმა სუბიექტმა, შსს-მ და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა ერთად უნდა განახორციელონ ავტორიზაცია. თუმცა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა- თინა ხიდაშელმა, ნინო გოგუაძემ და შალვა შავგულიძემ განაცხადეს, რომ ის სქემა, რომელზეც ფოფხაძე საუბრობს, კანონპროექტში ასახული არ არის. თინა ხიდაშელმა გედევან ფოფხაძეს სთხოვა იმ მუხლის მითითება, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მსგავს უფლებამოსილებას ანიჭებდა. ფოფხაძემ კი განაცხადა, რომ ეს “2-გასაღებიანი” სისტემა ძირითადი პრინციპია, რითიც ისინი პარლამენტში სამსჯელოდ შედიან და თუ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტები ამას ნათლად არ ასახავს, ეს გამოსწორდება.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საკანონმდებლო უწყების ბიურომ ცნობად მიიღო პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ირაკლი  სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტიდან “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის უკან გამოთხოვის თაობაზე.


დეპუტატებს ფოფხაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ სხვა შენიშვნებიც ჰქონდათ. გიგლა აგულაშვილის თქმით, თუ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით პოლიციის სექტორში პირადი მონაცემების დამუშავების კანონიერებას უწევს ზედამხედველობას, თვითონ გახდება მიყურადების პროცესის დაწყების მონაწილე, მას ინტერესთა კონფლიქტი ექნება.

 

“ვინ უნდა გააკონტროლოს მაშინ პროცესი?” – განაცხადა აგულაშვილმა.

 

ფოფხაძის თქმით კი, მათ მიერ შეთავაზებული პრინციპი ინსპექტორის მხრიდან სწორედ შსს-ს ქმედებების კონტროლსაც მოიცავს. რაც შეეხება უშუალოდ ინსპექტორის კონტროლს, მისი თქმით, შესაძლოა პარლამენტმა ინსპექტორის აპარატის ვალდებულებების გაზრდაზე იფიქროს იგივე საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.


სესიაშვილი-ფოფხაძე-ბესელიას კანონპროექტებს აკრიტიკებენ “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობოები. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა 1 აგვისტოს მიღებული კანონებით დადგენილი ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების შეცვლის მცდელობაა. კამპანია პუნქტობრივად განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის შემოთავაზებული ვარიანტს უკან გადადგმულ ნაბიჯად და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობად, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“შსს-ში კვლავაც რჩება ე.წ. გასაღები. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუდმივი მიერთების გაუქმება იყო რეფორმის მთავარი მიზანი, რომლის საჭიროებასაც ექსპერტთა ყველა დასკვნაში გაესვა ხაზი.

 

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ხდება მიყურადების განმახორციელებელი ორგანო მაშინ, როდესაც მას მთელი პროცესის მონიტორინგი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოფხვრა ევალება. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი მოდელი. შემოთავაზებული სისტემა გამორიცხავს გარე კონტროლის შესაძლებლობას, რადგან პერსონალური გარე კონტროლის მექანიზმი (ინსპექტორი) შედის სისტემის შიგნით, რის გამოც სისტემა რჩება გარე კონტროლის გარეშე.

 

პროექტში არაფერია ნათქვამი ე.წ.  შემოთავაზებული „ორი გასაღების“ გადაუდებელი აუცილებლობის დროს მოქმედებაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შსს-მ კვლავ შეიძლება განახორციელოს თვალთვალი და მიყურადება ინსპექტორის ჩართვის გარეშე.

 

ე.წ. ორი  გასაღები მოქმედებს მხოლოდ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დროს, ხოლო  მთელი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ზარის განხორციელების დრო, ადგილი, ხანგრძლივობა), ასევე ინტერნეტტრაფიკი (კომუნიკაციის შინაარსის ჩათვლით) შსს-ს მიაქვს ყოველგვარი კონსტროლისა და ორი გასაღების გარეშე. შემოთავაზებული ვერსია ასევე გულისხმობს კანონის იმ მუხლების გაუარესებას, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა უკვე მიიღო. როგორც ჩანს, სამართალდამცავი უწყებები ამ შესაძლებლობას იყენებენ, რომ ა. წ. აგვისტოში მიღებულ კანონში მათთვის მისაღები დებულებები შეიტანონ. ქვემოთ მოცემული პარაგრაფები სწორედ ძველი ვერსიის გამაუარესებულ ცვლილებებს ეხება.

 

შემოთავაზებული ვერსიით, საგამოძიებო ორგანომ არ უნდა გაანადგუროს პირადი მონაცემები, რომელიც არ ეხება გამოძიებას. მათ მხოლოდ მაკომპრომეტირებელი მასალა უნდა წაშალონ. გაურკვეველია, რა მიზნებით შეინახავს საგამოძიებო ორგანო სხვა პირად მონაცემებს, რომელიც გამოძიებას არ ეხება. ყოველივე ეს აგვისტოში მიღებული კანონის გაუარესებულ ვერსიას წარმოადგენს.  

 

შემოთავაზებული ვერსიით, კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებებიდან ინფორმაციის ამოღებაზე აღარ ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების 1 აგვისტოს მიღებული სტანდარტები. საგამოძიებო ორგანოს ეძლევა უფლება, ამოიღოს ინფორმაცია კომპიუტერული სისტემიდან  პირთა წრის, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაბუთების  გარეშე.

 

შემოთავაზებული ვერსიით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს  (შსს-ს დეპარტამენტი ე.წ. ოტო) უფლება აქვს, ჩაიწეროს ის კომუნიკაციაც, რომელიც გამოძიებასთან საერთოდ არ არის კავშირში, რის შემდეგაც საგამოძიებო ნაწილის დისკრეცია იქნება, შეინახოს თუ არა ეს მონაცემები სამომავლოდ. მოქმედი 1 აგვისტოს მიღებული ვერსიით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს არ უნდა ჩაეწერა ის კომუნიკაცია, რომელსაც გამოძიებასთან კავშირი არ ჰქონდა (ანუ არსებითად პირადი და ინტიმური შინაარსის).

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადო დაცვის ვალდებულებისაგან თავისუფლდება ჩანაწერის განმახორციელებელი (შსს-ს დეპარტამენტი ე.წ „ოტო“), მაშინ, როდესაც 1 აგვისტოს მიღებული კანონით ჩანაწერის განმახორციელებელი პასუხისმგებელი იყო ჩანაწერების სათანადო წესით შესანახვასა და დაცვაზე.

 

როგორც ჩანს, შემოთავაზებული ვერსიით სახელმწიფო აღარ იღებს ვალდებულებას პროაქტიულად ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნოს, რადგან სახელმწიფო საიდუმლოება ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (საიდუმლო ხდება  ფარული საგამოძიემო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდების, შედეგების, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია). მაშინ, როდესაც 1 აგვისტოს მიღებული კანონით დადგინდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის რეესტრში ყოველწლიური გამოქვეყნების ვალდებულება”,– ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი