ახალი ამბები

ქალდანი ე.წ. გასაღებზე: ჩვენ არ უნდა ვიყოთ აღქმული სამართალდამცავი ორგანოების ნაწილად

26 ნოემბერი, 2014 • • 1191
ქალდანი ე.წ. გასაღებზე: ჩვენ არ უნდა ვიყოთ აღქმული სამართალდამცავი ორგანოების ნაწილად

“ჩვენ არ უნდა ვიყოთ აღქმული პროცესში მონაწილედ, არ უნდა ვიყოთ აღქმული სამართალდამცავი ორგანოების ნაწილად, ან მათი საქმიანობის გამგრძელებლად. ერთადერთი ლეგიტიმური როლი ინპექტორისა, ესაა კონტროლის განხორციელება და თუკი გასაღების ფლობა ამ კონტროლის ეფექტურობას უქმნის საფრთხეს, მაშინ არ უნდა იქნას გასაღების თემაზე საერთოდ ინსპექტორთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელებული”,–განაცხადა ქალდანმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

პარლემენტში ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხზე ორი კანონპროექტს აქვს გავლილი რეგისტრაცია.  ეკა ბესელიამ ირაკლი სესიაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოსმენებზე ერთ “გასაღებს” შსს, ხოლო მეორეს – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა ფლობდეს. იმისათვის, რომ ფარული მიყურადება განხორციელდეს, ორმა სუბიექტმა, შსს-მ და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა ერთად უნდა განახორციელონ ავტორიზაცია. თუმცა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა- თინა ხიდაშელმა, ნინო გოგუაძემ და შალვა შავგულიძემ განაცხადეს, რომ ის სქემა, რომელზეც ფოფხაძე საუბრობს, კანონპროექტში ასახული არ არის. 

 

პარალელურად არსებობს ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთი გასაღების არსებობას გულისხმობს და მას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფლობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ე.წ. გასაღებ შსს არ უნდა ფლობდეს.

 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ღარიბაშვილი მხარს უჭერს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და დეპუტატებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, ვინაიდან, მისი თქმით,” საუბარია სახელმწიფოებრივ საიდუმლოებასა და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.”

 

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელის თანახმადაც, გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩებოდა, 31 ოქტომბერს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, პარლამენტს 2014 წლის 1 დეკემბრამდე ექნება ვადა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება ე.წ. გასაღების ფლობის საკითხი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი