ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა პირველად არ მისცა წინააღმდეგ ხმა დევნილების შესახებ საქართველოს რეზოლუციას

5 ივნისი, 2019 • 11322
სომხეთმა პირველად არ მისცა წინააღმდეგ ხმა დევნილების შესახებ საქართველოს რეზოლუციას

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ.

სომხეთმა, რომელიც ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს პირველად არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

რეზოლუციას მხარი სულ 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, 15 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.

მწვანედ მონიშნულია რეზოლუციის მხარდამჭერები, წითლად – მოწინააღმდეგეები, ყვითლად ისინი, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. ის ქვეყნები, რომელთა გასწვრივაც არც ერთი ფერის ნიშანი არაა მითითებული, კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.

რატომ არ უჭერს მხარს სომხეთი რეზოლუციას?

ამ საკითხზე განმარტება თავის დროზე სომეხთა სათვისტომოს აქვს გაკეთებული ნეტგაზეთთან. სათვისტომოს განმარტებით, სინამდვილეში დაუშვებელიაამ საკითხის “ანტიქართულ ნაბიჯად” ინტერპრეტირება, სომხეთის რესპუბლიკა არასდროს ყოფილა დევნილების დაბრუნების წინააღმდეგი.

სომეხთა სათვისტომოს სახელით ლევონ ისახანიანმა 2014 წელს თქვა:

“ამის გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის რეგიონალური პოლიტიკის სწორი წარმართვისათვის. სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია ეფუძნება ე.წ. „დევნილების დაბრუნების შესახებ“ რეზოლუციის მე-8 პუნქტის მიუღებლობას, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას სთხოვს არა დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერას, არამედ სუამ-ის სივრცეში არსებული კონფლიქტების, მათ შორის არცახის (მთიანი-ყარაბაღის) კონფლიქტის მიკერძოებული ინტერპრეტაციის შესახებ რეზოლუციის მიღებას. სომხეთის რესპუბლიკისთვის მიუღებელია არცახის (მთიანი-ყარაბაღის) კონფლიქტის შესახებ აზერბაიჯანის პოზიციის მხარდაჭერა, ხოლო ზემოხსენებული ე.წ. „დევნილების დაბრუნების შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში, სომხეთი ირიბად მხარს დაუჭერს არცახის (მთიანი-ყარაბაღის) კონფლიქტის აზერბაიჯანისეულ ინტერპრეტაციას.”

მისივე თქმით, “ლოგიკურად, ოფიციალური თბილისის ინტერესშია: 1. „აფხაზეთიდან, და ცხინვალის რეგიონიდან(სამხრეთ ოსეთი)  იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების შესახებ“ რეზოლუციის პროექტიდან ამოღებულ იქნას ზემოხსენებული მე-8 პუნქტი; 2. გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო მხარს არ უჭერდეს ზემოხსენებული მე-8 პუნქტის მიღებას, ვინაიდან, როგორც სომხეთმა დაკარგა თავის დროზე არცახის (მთიანი ყარაბაღის) პროვინცია და ისტორიის გარკვეულ პერიოდებში იქ უცხო ძალების იურისდიქცია ვრცელდებოდა, ასევე საქართველო ვერ ახორციელებს დღეს საკუთარ იურისდიქციას გარკვეულ ტერიტორიებზე, ხოლო არცახის (მთიანი ყარაბაღის) კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანისეული პოზიციის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება ირიბად აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია უცხო ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იურისდიქციის გავრცელება.”

რას გულისხმობს რეზოლუცია

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც ოფიციალური თბილისის პოზიციით განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ , უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ წელს გაერო-ს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები. რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დამატებით 44 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას.

ამავე თემაზე

44 ქვეყანა, რომელიც გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანაავტორი გახდა

44 ქვეყანა, რომელიც გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანაავტორი გახდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი