“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა დღეს, 4 ივნისს დააკავეს.
ნტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას ჯერჯერობით არ დაადასტურებდნენ. მათივე თქმით, 12 საათზე სამინისტროში ბრიფინგია დანიშნული.
კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელსაც “ევროპული საქართველო” ხელმძღვანელობდა.
კერძოდ, კომისიამ დაადკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი, არ ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად.
“სამართალდამცავებმა სათანადოდ არ შეისწავლეს გამოძიების ფარგლებში ამოღებული ვიდეომასალა. მოწმეებს არ დაუსვეს შესაბამისი კითხვები. რიგ შემთხვევაში, როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, პროკურორმა მოწმეს მიუთითა, რომ მისი ინფორმაცია – მიხეილ კალანდიამ ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელი ჩაიყო – არ იყო მნიშვნელოვანი და დაიყოლია, არ მიეწოდებინა ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის. სამართალდამცავებს არ ამოუღიათ მიხეილ კალანდიას, სავარაუდოდ, სისხლიანი ტანსაცმელი და არ ჩაუტარებიათ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩხუბის მთავარი ფიგურანტების, მათ შორის, მიხეილ კალანდიას მიმართ”, – განაცხადა საგამოძიებო კომისიამ.
სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
- გ.ბ. ნამდვილად არის დამნაშავე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და დაუმძიმა მას სასჯელი და შეუფარდა პატიმრობა 11 წლისა და 3 თვის ვადით;
- გ.ჯ-მ არა გ.ბ-სთან ერთად, არამედ სხვა, დაუდგენელ პირ(ებ)თან ერთად ჯგუფურად მოკლა დავით სარალიძე და მას შეუფარდა პარტიმრობა ასევე 11 წლისა და 3 თვის ვადით.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ ნეტგაზეთს უთხრა:
“არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო. თუმცა ამას ვიტყვი: ეს [მიხეილ კალანდია] არის ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე ამ ეპიზოდის განვითარების დროს და არის ის პიროვნება, რომლის ქმედებაც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. დანარჩენი პროკურატურის გამოსაკვეთია“.
ლონდარიძის თანახმადვე, სასამართლოს მიერ ნახსენები „დაუდგენელი პირები“ პროკურატურისთვის არის „ძალიან მძიმე სასჯელი და მათ უახლოეს მომავალში უნდა აქციონ დადგენილ პირებად“.
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე თანატოლებთან ჩხუბის დროს, 2017 წ წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლეს. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მას შემდეგ მართავს საპროტესტო აქციებს და ითხოვს თავისი შვილის მკვლელების დასჯას.