ახალი ამბები

ხორავაზე მკვლელობის საქმე: რას ნიშნავს სააპელაციოს განაჩენი?

3 ივნისი, 2019 • 1709
ხორავაზე მკვლელობის საქმე: რას ნიშნავს სააპელაციოს განაჩენი?

რა შეცვალა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, როგორ ხედავს ზედა ინსტანციის სასამართლო ამ დანაშაულს და რა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას პროკურატურამ საქმის ბოლომდე გასახსნელად?

რა თქვა სასამართლომ?

თავდაპირველად, 2018 წლის მაისში, პირველი ინსტანციის სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოკლული არასრულწლოვნების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, საქმეზე შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა:

  • გ.ბ. ცნო დამნაშავედ ლევან დადუნაშვილის განზრაზ მკვლელობისთვის;
  • გ.ჯ. ცნო დამნაშავედ დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის; [გ.ბ. და გ.ჯ. არასრულწლოვნები არიან]

ამ განაჩენს პროტესტი მოჰყვა. პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა. 2019 წლის 3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ:

  • გ.ბ. ნამდვილად არის დამნაშავე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და დაუმძიმა მას სასჯელი;
  • გ.ჯ-მ არა გ.ბ-სთან ერთად, არამედ სხვა, დაუდგენელ პირ(ებ)თან ერთად ჯგუფურად მოკლა დავით სარალიძე;

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის დადგენილი მკვლელობის მცდელობა ჯგუფური მკვლელობით შეცვალა. თუმცა ასევე თქვა, რომ გ.ჯ-ს გარდა არსებობს სარალიძის სხვა დაუდგენელი მკვლელ(ებ)იც.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში პროკურატურა არ დავობს. სადავოა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილი, — პროკურატურის ვერსია ის იყო, რომ, სარალიძე გ.ჯ-მ და გ.ბ-მ მოკლეს ჯგუფურად, თუმცა სააპელაციომ გ.ბ. გაამართლა, მას ბრალი ამ ნაწილში ვერ დაუდგინდა.

რას ნიშნავს ეს?

რას ნიშნავს სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება? პროკურატურა უზენაეს სასამართლოში კვლავ გ.ბ-ს ბრალეულობის დამტკიცებას შეეცდება, თუ დაუბრუნდება გამოძიებას და არა გ.ბ-ს, არამედ სხვა ადამიანს დაადებს ხელს გ.ჯ-სთან ერთად ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეობაში?

როგორც დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე განმარტავს, ის, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ბ-ს არ მიუღია მონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში, მეტყველებს „იმაზე, რომ სასამართლო [მოუწოდებს] პროკურატურას, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ვინაიდან დანაშაულში, როდესაც არასრულწლოვანი გარდაცვლილია 12 ჭრილობით, „დაუდგენელია“ მკვლელი“.

ნეტგაზეთთან საუბარში ნესტან ლონდარიძე ამბობს: „ამ საქმეში დაზარალებული და პროკურატურა აბსოლუტურად გამიჯნული აღმოჩნდა ერთმანეთისგან და დაზარალებული არ ემხრობა იმ საჩივარს, რაც პროკურატურას სააპელაციოში ჰქონდა წარდგენილი“.

როგორც ლონდარიძე ნეტგაზეთს ეუბნება, პროკურატურის ვერსია, რომელიც გ.ბ-საც ადებდა ხელს ჯგუფურ მკვლელობაში, ძირითადად ეფუძნებოდა მიხეილ კალანდიას, — საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის — ჩვენებას. თუმცა მან რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. ლონდარიძის თანახმად, ის იყო „ერთადერთი მოწმე, რომელიც უთითებდა გ.ბ-ს მონაწილეობას სარალიძის ნაწილში“. იმის გათვალისწინებით, რომ გ.ბ-ს სააპელაციო სასამართლომ ბრალი არ დაუდგინა, გამოდის, რომ სასამართლომ იგი არასანდო მოწმედ მიიჩნია.

ვინ შეიძლება იყოს „დაუდგენელი პირი“?

ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ დაზარალებული მხარე ვერ დარწმუნდა სარალიძის ნაწილში გ.ბ-ს მონაწილეობაში — რაც 3 ივნისს სააპელაციო სასამართლომაც თქვა — და „სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ეს არ იყო სამართლიანი და ვითხოვდით იმ პირთა დასჯას, რომელიც პროკურატურას სავარაუდოდაც კი არ ჰქონდა წარდგენილი ბრალდებაში“.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუკი სასამართლო მის ჩვენებას არ ენდო, შეიძლება თუ არა ეს პროკურატურისთვის სასამართლოს მხრიდან მანიშნებელი იყოს, რომ კალანდიას მიმართ დაიწყოს გამოძიება, ლონდარიძე ამბობს:

არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო. თუმცა ამას ვიტყვი: ეს [მიხეილ კალანდია] არის ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე ამ ეპიზოდის განვითარების დროს და არის ის პიროვნება, რომლის ქმედებაც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. დანარჩენი პროკურატურის გამოსაკვეთია“.

ლონდარიძის თანახმადვე, სასამართლოს მიერ ნახსენები „დაუდგენელი პირები“ პროკურატურისთვის არის „ძალიან მძიმე სასჯელი და მათ უახლოეს მომავალში უნდა აქციონ დადგენილ პირებად“.

პროკურორი თორნიკე ნადირაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე „იმოქმედებს კანონის შესაბამისად“ მას შემდეგ, რაც სრულ გადაწყვეტილებას ჩაიბარებს. პროკურატურას საქმის გაგრძელების პერსპექტივაზე სხვა არაფერი უთქვამს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული დასაბუთება მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი