სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ტელეკომპანია იმედი სკოლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1937 წელს დაბადებულ მასწავლებელს 13 წლის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. სკოლის დირექტორის რჩევით, მე-7 კლასის მოსწავლემ მასწავლებლის საუბარი ჩაიწერა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა და 82 წლის პედაგოგი გაათავისუფლა.
შსს-ს ცნობით, ერთ-ერთ რაიონულ განყოფილებაში შესაძლო გარყვნილი ქმედების შესახებ შეტყობინება 27 მაისს შევიდა, რაზეც გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო სისხლის სამართლის 141-ე მუხლით. სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც შსს-დან გვაცნობეს, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება.
როგორ მოიქცა სკოლა?
დირექტორის ცნობით, მას შემდეგ, რაც 13 წლის გოგომ გაკვეთილების გაცდენა დაიწყო, სკოლის ადმინისტრაციამ მოსთხოვა პასუხი. მოსწავლემ დირექტორს უამბო 82 წლის მასწავლებლის მხრიდან შესაძლო გარყვნილი ქმედების შესახებ, თუმცა არ დაუჯერეს და მტკიცებულებად აუდიოჩანაწერის გაკეთება ურჩიეს.
როგორც დირექტორი ტელეიმედთან საუბრისას განმარტავს, ჩანაწერის გაკეთება იმისთვის ურჩიეს მოსწავლეს, რომ გამოერიცხათ მასწავლებლის მხრიდან გარყვნილი ქმედების გამოგონება.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში მასწავლებელი უყვება მოსწავლეს, რომ ადრეც ჰქონდა სხვა 13 წლის გოგოსთან მსგავსი საუბარი.
ბავშვმა მასწავლებლის საუბარი ჩაიწერა და წარუდგინა სკოლის ადმინისტრაციას, რის შემდეგაც, იმედის ცნობით, სკოლის დირექტორი ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდა შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, ხოლო შემდეგ საგანმანათლებლო რესურსცენტრს მიმართა მოხსენებითი ბარათით მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომის შესახებ.
დირექტორი საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გაგზავნილ მოხსენებით ბარათში აღწერს დისციპლინურ გადაცდომას და ღონისძიებებს, რაც სკოლამ განახორციელა შემდგომი რეაგირებისათვის, კერძოდ, დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს და ამჟამად საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინარეობს ფაქტის გამოძიება, ხოლო “სკოლა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად ახორციელებს წარმოებას დისციპლინური კომიტეტის მეშვეობით, ვინაიდან მასწავლებლის ქმედება არღვევს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს და სკოლის შინაგანაწესს”.