2 ივნისს სასტუმრო „რედისონის“ საცურაო აუზზე რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე კამათის შემდეგ მოქალაქე ლაშა ბრეგვაძეს თავს დაესხნენ, — აცხადებს მისი მეუღლე. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, ბრეგვაძეს თავში სავარაუდოდ გასაღებით მიაყენეს დაზიანება.
ინფორმაცია „ტაბულამ“ გაავრცელა. მათი ცნობით, ბრეგვაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, რუსთავის მერობის პარტიის ყოფილი კანდიდატის, ნინო იმედაშვილის ქმარია.
როგორც „ტაბულა“ წერს, იმედაშვილი ქმრის მონაყოლზე დაყრდნობით ამბობს, რომ იგი ერთ-ერთი კაცის ხმამაღალ საუბარს სალომე ზურაბიშვილის მიერ „წმინდა ნინოს გზის“ გავლაზე კრიტიკულად გამოეხმაურა და თქვა, რომ „რელიგია არ უნდა იყო აფარებული პოლიტიკას“, რაზეც, მისი თქმით, „აგრესიით უპასუხეს“.
„საუბარი გაგრძელდა, ჩავიდნენ ასლან აბაშიძემდე. ჩემმა მეუღლემ აბაშიძეს შეაგინა, რაზეც მამაკაცები გაღიზიანდნენ. ინციდენტი ადგილზე განიმუხტა. თუმცა, შემდეგ გასახდელში დახვდნენ სამივე. ერთმა მოუქნია დანა, ჩემმა მეუღლემ აიცილა. მეორემ უკნიდან მოუქნია სავარაუდოდ დანა და მოხვდა თავის არეში“, — ციტირებს „ტაბულა“ ნინო იმედაშვილს.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, საქმეში დანა არ ფიგურირებს და ბრეგვაძეს სავარაუდოდ გასაღებით მიაყენეს თავის არეში დაზიანება. შსს-ის ცნობითვე, მას სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს და ამ დროისთვის [2 ივნისის 23:30 საათი] ორივე მხარე გამოკითხვაზეა.
გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
გარეკანის ფოტო: ტაბულა