ახალი ამბებიკომენტარი

სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი შესაძლოა ფორმალური იყოს

31 მაისი, 2019 • 3565
სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი შესაძლოა ფორმალური იყოს

ავტორი: სულხან სალაძე, საიას თავმჯდომარე

2019 წლის პირველ ივნისს, შაბათს, 09:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კომისიის სხდომაა დანიშნული, სადაც კომისიამ სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატი/კანდიდატები უნდა შეარჩიოს. შერჩეულ კანდიდატს შემდეგ წარუდგენენ პრემიერ-მინისტრს. მე, როგორც კომისიის წევრმა, გადავწყვიტე, რომ მონაწილეობა არ მივიღო ხვალინდელ სხდომაში. შევეცდები ქვემოთ დეტალურად აღვწერო, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება:

  • სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა კომისიამ კონკურსი 2019 წლის 17 მაისს გამოაცხადა, განაცხადების მიღება კი 26 მაისს დასრულდა;
  • განაცხადების მიღების დასრულებისას hr.gov.ge-ის სისტემაში სულ 48 განაცხადი იყო ატვირთული;
  • კომისიის სამდივნოს მიერ განაცხადების დამუშავების შედეგად, 48 განმცხადებლიდან 9 კანდიდატი დარჩა;
  • ზემოთ აღნიშნული 9 კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო, ვინც სამოტივაციო წერილი საკონკურსო კომისიის დებულების შესაბამისად წარმოადგინა. კერძოდ, დებულების თანახმად, აუცილებელი იყო, რომ კონკურსანტს წარმოედგინა არა უბრალოდ სამოტივაციო წერილი, არამედ წერილში აღენიშნა შემდეგი: – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, ხედვა ინსპექტორის სამსახურის განვითარებაზე და მისი ეფექტიანობის ამაღლებაზე;
  • სამოტივაციო წერილის სათანადო ფორმით წარმოდგენა ისეთივე ვალდებულება იყო, როგორც, მაგალითად, პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ასე შემდეგ;
  • მიუხედავად იმისა, რომ სამოტივაციო წერილებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ როგორც მე, ისე კომისიის კიდევ ერთმა წევრმა კომისიის წევრებს ელფოსტით ვაცნობეთ, კომისიის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ გასაუბრებაზე დარჩენილი 9 კანდიდატიდან 7 უნდა მოეწვია. საბოლოოდ, აღნიშნული 7 კანდიდატიდან 5-მა განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიიღოს გასაუბრებაში. თუმცა აღნიშნული 5 კანდიდატიდან ოთხის გასაუბრებაზე მოწვევა კომისიის დებულების დარღვევას ნიშნავს.

ცხადია, მთავარი კითხვა არის ის, თუ რატომ შეიძლება კომისიის წევრთა უმრავლესობას სურდეს, გასაუბრებაზე ერთზე მეტი კანდიდატი მოიწვიოს (მიუხედავად იმისა, ამ კანდიდატებმა დებულების შესაბამისად წარმოადგინეს თუ არა სამოტივაციო წერილი). ვფიქრობ, პასუხი მარტივია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიამ პრემიერ-მინისტრს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი უნდა წარუდგინოს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კომისია დებულების შესაბამისად იმოქმედებს, მხოლოდ ერთი კანდიდატი შეიძლება გამოავლინოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად. ასეთ შეთხვევაში კი დანარჩენი კანდიდატების შესარჩევად ხელახალი კონკურსი უნდა ჩატარდეს და შესაძლოა, სწორედ ეს არ სურს კომისიის წევრთა ნაწილს.

კომისიის გადაწყვეტილებამ, დებულების დარღვევის მიუხედავად, მაინც მოიწვიოს გასაუბრებაზე ხუთი კანდიდატი, შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, რომ კონკურსი რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამარჯვებისთვის ჩატარდა და ერთ კონკრეტულ კანდიდატს ფორმალურად დაუყენეს მეორე კანდიდატი, რომ პრემიერ-მინისტრისთვის კანდიდატების წარდგენის მინიმალური ოდენობა შევსებულიყო. ბუნებრივია, კომისიის სხდომაში, სადაც მსგავსი სცენარის გათამაშება სავსებით რეალურია, მონაწილეობას არ მივიღებ.

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სახალხო დამცველს, ვინც ნდობა გამომიცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიაში მემუშავა.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში ლონდა თოლორაია მონაწილეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი