ახალი ამბები

თბილისის მერია თემქაზე (ზღვისუბანში) 20 ჰექტარზე პარკის მოწყობას გეგმავს

31 მაისი, 2019 •
თბილისის მერია თემქაზე (ზღვისუბანში) 20 ჰექტარზე პარკის მოწყობას გეგმავს

თბილისის მერია თემქაზე (იგივე ზღვისუბანი) 20 ჰექტარზე პარკის გაშენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.

ამავე ცნობით, თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა. გენგეგმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ ჩაატარა წინასაპროექტო კვლევა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. კვლევის შედეგებით, პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მდინარის გახსნა.

“ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვისუბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საპროექტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოებიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

თემქის რებრენდინგის შესახებ დღეს ინფორმაცია საკრებულომაც გაავრცელა. როგორც თექმის (ზღვისუბნის) მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა თქვა, ის იწყებს კამპანიას თემქის ახალი სახელწოდების – ზღვისუბნის პოპულარიზაციის მიზნით. თემქას ზღვის უბანი ოფიციალურად 1999 წლიდან ჰქვია, თუმცა ამ დრომდე ეს სახელწოდება მოსახლეობაში ვერ დამკვიდრდა. საკრებულოს დეპუტატი სწორედ ამის შეცვლას გეგმავს.

დეპუტატმა “თემქის” ახალი სახელწოდების პოპულარიზების კამპანია დაიწყო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი