ახალი ამბები

“არ მოდის თანხმობაში ჩვენს ხედვასთან” – WISG-ის პოზიცია პრაიდის კვირეულის “ღირსების მარშზე”

31 მაისი, 2019 •
“არ მოდის თანხმობაში ჩვენს ხედვასთან” – WISG-ის პოზიცია პრაიდის კვირეულის “ღირსების მარშზე”

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) განცხადებას ავრცელებს და თბილისი პრაიდის ფარგლებში გასამართ “ღირსების მარშზე” საკუთარ პოზიციას განმარტავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჯარო მსვლელობის გამართვას პოლიტიკურად კონტრპროდუქტიულ გადაწყვეტილებად აფასებენ და ეს გადაწყვეტილება არ მოდის თანხმობაში მათ ხედვასთან.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს მათი პოზიციაა და ქვიარ აქტივისტებს არ მოუწოდებს, პრაიდს გაემიჯნონ და მარშში მონაწილეობა არ მიიღონ. თუმცა, ორგორც სათემო ორგანიზაცია, პასუხისმგებლობას გრძნობს გაახმოვანოს თემის იმ წევრთა განსხვავებული მოსაზრება, რომელიც საჯარო მსვლელობის გამართვის იდეას არ ეთანხმება:

“საქართველოში ლგბტ მოძრაობის ხანმოკლე, მაგრამ უნიკალური ისტორია ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ სპეკულირებენ ლგბტ საკითხებით პოლიტიკურად დაინტერესებული, რელიგიური, ულტრანაციონალიტური და ულტრამემარჯვენე ჯგუფები თუ მედია. როგორ ხდება ჰომოფობიის გამოყენება ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად და რა პოლიტიკური სარჩული უდევს ორგანიზებულ ანტიგეი გამოსვლებს საქართველოში, რომელსაც უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე თავად აქტივისტების მცდელობას, მშვიდობიანად აღნიშნონ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე.

საზოგადოებრივ განწყობებში ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც მიზანმიმართულადაა გაღვივებული ზემოხსენებული ჯგუფების მრავალწლიანი „მუშაობის“ შედეგად, არცერთ ხელისუფლებაში არ გამხდარა შეშფოთების საგანი და იმის მიზეზი, რომ სახელმწიფომ ჰომოფობია აღიაროს, როგორც სისტემური და ეროვნული პრობლემა, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დასახოს მასთან ბრძოლის გრძელვადიანი სტრატეგია”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

WISG-ის თქმით, პრაიდის კვირეულის მოახლოებასთან ერთად, უფრო აქტიურად ისმის კითხვები და ვარაუდები როგორც თემში, ისე საზოგადოებრივ ჯგუფებში იმის შესახებ, თუ რომელი პოლიტიკური ძალები აქტიურდებიან და გამოიყენებენ ღირსების მარშს ჰომოფობიური სპეკულაციებისა და პოლიტიკური მანიპულაციისთვის:

“ინდივიდუალური საფრთხეებისა და მაღალი პოლიტიკური რისკების გამო, სათემო ორგანიზაციებმა, როგორც შარშან, ისე – წელს, მივიღეთ 17 მაისს აიდაჰოს საჯაროდ აღნიშვნის გაუქმების გადაწყვეტილება. როცა საჯარო მსვლელობა ეწინააღმდეგება „არ ავნო“ პრინციპს, რომელსაც WISG-ის პოლიტიკაც ეფუძნება, ჩვენ ვემიჯნებით ისეთ აქტებს, რომლის სარგებელი არ არის ცხადი, ზიანი და რისკი კი დიდია.

ყველაფერ ამის ფონზე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თემში არსებული განსხვავებული პოზიციები არ იყოს ინტერპრეტირებული და გამოყენებული თემის წევრთა შორის დაპირისპირებისთვის. ქვიარ თემი არ არის ჰომოგენური მოძრაობა და აქტივისტებს განსხვავებული ხედვები და სტრატეგიები გვაქვს” ,- ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჯარო აქციის დაგეგმვა და ჩატარების პროცესები მეტ გამჭვირვალობას და თემის წევრთა მეტ ჩართულობას საჭიროებს, რადგან ეს პირდაპირ თუ ირიბად თემის ყველა წევრს ეხება:

“ქვიარ აქტივისტებს ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიფიქროთ იმ მეთოდებზე, რომლითაც გვინდა შედეგის მიღწევა. ამასთან, გვაქვს პრივილეგია და პასუხისმგებლობა, ვიყოთ თემის კომუნიკატორები საზოგადოებასთან და მთავრობასთან ურთიერთობაში. რადგან ნებისმიერი საკითხი, რასაც აქტივისტები ჩვენს დღის წესრიგში ვაყენებთ, აისახება ლგბტი ადამიანების ზოგად მდგომარეობასა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე ლგბტი საკითხების მიმართ.

შესაბამისად, სამართლიანად მივიჩნევთ და სრულად ვიზიარებთ თემის ერთი ნაწილის უკმაყოფილებას მასშტაბური აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ საჯარო აქციის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესები (იქნება ეს აიდაჰო თუ ღირსების მარში) მეტ გამჭვირვალობას, თემის წევრთა ჩართულობასა და ლეგიტიმაციას საჭიროებს, რადგან ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ თუ ირიბად, თემის ყველა წევრს ეხება. საჯარო მსვლელობის გამართვას დღეს კიდევ ერთხელ ვაფასებთ, როგორც პოლიტიკურად კონტრპროდუქტიულ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არ მოდის თანხმობაში ჩვენს ხედვასთან” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

WISG მოუწოდებს სახელმწიფოს და სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყონ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მობილიზება უწყვეტ რეჟიმში, და არა მხოლოდ უშუალოდ ღირსების მარშის მსვლელობისას, იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური პოპულისტური და პოლიტიკური ჯგუფები უკვე ღიად ავრცელებენ აგრესიისა და ძალადობისკენ მოწოდების შემცველ მიმართვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი