ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი და ევროპული იდეა? – დავით ჯიშკარიანი

31 მაისი, 2019 •
აფხაზეთი და ევროპული იდეა? – დავით ჯიშკარიანი

რამდენიმე წლის წინ სტამბულში ქართულ-აფხაზური დიალოგი გაიმართა. მოდერატორი ევროპული ორგანიზაცია იყო. ფულიც -ევროპული.  შეხვედრის შემდეგ შინ დაბრუნებული შეთაბეჭდილებებს ვყვებოდი. ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც არც პოლიტიკითაა დაინტერესებული, არც კონფლიქტებით და დიდად არც აქტიურ საზოგადო ცხოვრებაშია ჩაბმული, მას მხოლოდ ფეხბურთის ყურება უყვარს, გაოგნებულმა იკითხა: რა, აფხაზებს ევროკავშირში შესვლაც არ უნდათ ? აფხაზეთში ევროკავშირისა და ევროპის მიმართ არ არის ისეთი ეიფორიული და ემოციური დამოკიდებულება, როგორც დანარჩენ საქართველოში. ამის ერთ-ერთი  მიზეზი  წარსულში ევროპის, როგორც იდეის შესახებ დისკუსიების არარსებობაცაა.

საქართველოში XIX საუკუნიდან მოყოლებული ბევრს საუბრობდნენ საქართველოს ევროპელობის თუ აზიატობის, აზიურობის შესახებ. დისკუსიები საოცრად მრავალფეროვანი იყო. სამწუხაროა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტას თავისუფლება, გამბედაობა და ინტელექტი ნამდვილად აკლია მსგავსი დისკუსიების გასამართად.

პრაღის კარლის უნივერსიტეტის ფოლოსოფიის დოქტორი ადრიან ბრისკუ სამართლიანად აღნიშნავს, რომ ევროპის იდეა საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. მისი უმთავრესი შემომტანები კი საზოგადოების პრივილეგირებული ნაწილი, თავად-აზნაურობა იყო, რომლებიც გერმანული იდეალიზმის ტექსტებს ეცნობოდნენ მათთვის უკვე ახლობლად ქცეულ რუსულ ენაზე. ევროპელობის შესახებ მსჯელობდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და სხვები.

კონსტანტინე გამსახურდია თავის ესეიში „კარგი ევროპიელი“ ქართველთა მხრიდან ევროპისადმი უანგარო, ერთგვარ პლატონურ სიყვარულზე წერს: „ჩვენი მეფეები და მთავრები მუდამ ევროპას უხმობდნენ, მუდამ მაშველებს ეძებდნენ და გამოხმაურება მხოლოდ დელიკატურ ეპისტოლებში იხატებოდა. დღესაც მარტოა ქართული რასსა“. ეს მოსაზრება ინტელექტუალთა შორის პოპულარულობით კი სარგებლობდა, მაგრამ არ იყო ერთადერთი იდეა.

უფროსი ვახუშტი კოტეტიშვილი ორიენტალიზმის სიყვარულით იყო აღსავსე და საკმაოდ გაღიზიანებით აღნიშნავდა, რომ საზოგადოება „ევროპიულობის ციებ-ცხელებამ შეიპყრო“. მისი მოსაზრებით  „გაევროპიელება“ უფრო „გარუსებას“ ჰგავდა, რაც მისთვის სრულებით მიუღებელი იყო.  ირონიით ახსენებს „ფრაკში“ გამოწყობილ გრიგოლ ორბელიანს, რომელმაც ევროპელობის „ადიუტანტობა“ იკისრა და ფრაკით ჩამოხსნა ქართული ხალიჩები. ის ერთგვარ ძალადობრივ აქტს უსვამს ხაზს, რომელიც კულტურის “გაევროპიელობას” უძღოდა წინ. მისთვის ევროპა კოლონიალური სივრცეა, რომელმაც აზიელობა ველურობად გამოაცხადა. კოტეტიშვილს სჯერა, რომ ქართულ კულტურას აზიაში დაუღამდა და აზიაშივე უნდა ელოდოს  დილას. თავისიხედვები მოკლე გზავნილად ჩამოაყალიბა „უკან, აზიისაკენ წინ წასასვლელად“. 

1934 წელს გაზეთ „მომავალში“ მსგავს ხედვებს ავითარებს ალექსანდრე მანველიშვილიც, რომელიც ერთგვარ რიტორიკულ კითხვას სვამს, რომ  „იქნებ ქართვლის ბედი ანგორისა და თეირანის ზღაპრულ საიდუმლოებათა ლაბირინთში იყოს გამომწყვდეული“.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალიან ხმამაღლა ამბობდნენ, რომ ევროპის იდეა გათავდა, მათ შორის იყო ნიკოლო მიწიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევდა, საქართველოს ისტორია, „ეს არის უკანასკნელი 16 საუკუნე ბრძოლა ევროპისათვის.“ საქართველოში 1922 წელს ვიზიტით მყოფი რუსი მწერალი ოსიპ მანდელშტამი მსგავსი ევროცენტრიზმით სრულიად აღშფოთებული იყო, მას არ მოსწონდა, რომ  საქართველოში აგრესიულად შორდებიან აღმოსავლეთს პირით დასავლეთისკენ.   „ჩვენ არ ვართ აზიატები, ჩვენ ევროპელები, პარიზელები ვართ. როგორი დიდია  გულუბრყვილობა ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის. ტენდენცია განდგომა აღმოსავლეთისგან – ყოველთვის არსებობდა ქართულ ხელოვნებაში, მაგრამ ეს წყდებოდა არა აგრესიული ლოზუნგებით, არამედ მაღალმხატვრული ფორმებითა და საშუალებებით”, – აღნიშნავდა მანდელშტამი. 

ამ დისკურსების ფონზე საქართველოს ერთგვარ შემაკავშირებელ ხიდად ხედავს გრიგოლ რობაქიძე, რომელიც აღიარებს: „საქართველოც ხომ ნატეხია აღმოსავლეთის! და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი აკვანი. ძვირფასია დასავლეთ ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ. უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ“

ემოციური წერილების გარდა, პრესაში ბევრ სტატიას გადააწყდებით, სადაც ევროპის ეკონომიკაზე, პოლიტიკურ სისტემებზე, შრომითი ურთიერთობების, განათლების, ჯანდაცვისა თუ სოფლის მეურნეობაზე იქნება საუბარი. ამ მეტად საჭირო, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან  დისკუსიებს, ევროპელობისა და აზიელობის შესახებ საუბრებს, აფხაზურ საზოგადოებაში არც რუსეთის იმპერიის, არც საბჭოთა პერიოდში და არც პოსტსაბჭოთა პერიოდში არ ჰქონია ადგილი. მათ უბრალოდ გამოტოვეს ეს დისკურსები.

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. რუსეთის იმპერიამ მისი ადმინისტრაციული მმართველობა აფხაზეთში საკმაოდ გვიან, 1864 წლის შემდეგ დაიწყო. აფხაზური ელიტა მუჰაჯირობის დროს თითქმის სრულად ოსმალეთის იმპერიაში წავიდა და ნაკლებად ინტეგრირდა რუსეთის იმპერიის ელიტაში. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ცენტრებში ევროპელობაზე მიმდინარე დისკუსიების დროს აფხაზებს ფიზიკური გადარჩენისა და საცხოვრებელი სივრცის მოპოვებისთვის უწევდათ ბრძოლა. არავის ეცალა დისკუსიებისთვის.

აფხაზური ანბანის შექმნამ განმანათლებლობის პროცესს ჩაუყარა საფუძველი აფხაზეთში. დაიწყო საერო და სასულიერო სკოლების გახსნა. აფხაზურ ენაზე წერა- კითხვის მცოდნეთა დონემაც მოიმატა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. არ არსებობდა აფხაზურენოვანი გაზეთი, რომელიც მსგავს დისკუსიებს დაუთმობდა სივრცეს, შექმნიდა სამსჯელო სივრცეს. პირველი აფხაზურენოვანი გაზეთი, აფსნი კაპში საბჭოთა პერიოდში გამოვიდა. მისი მიზანი აღარ იყო დისკუსიები, უმთავრესი ამოცანა საბჭოთა იდეოლოგიისა და ცხოვრების წესის პროპაგანდა იყო.

აფხაზურ პოლიტიკურ ელიტას, ეფრემ ეშბას, ნესტორ ლაკობას და შემდგომ ლიდერებს, ევროპელობაზე მეტად თბილისთან ურთიერთობა უდრო ადარდებდა, ვიდრე სივრცეზე მსჯელობა. იგივე ითქმის ეთნიკურ აფხაზურ ინტელიგენციაზეც. 

თანამედროვე დისკუსიაში აფხაზებისთვის ევროპა აქტუალური მხოლოდ ერთი მნიშვნელობითაა საინტერესო, აღიარებენ თუ არა ევროპული სახელმწიფოები აფხაზეთის დამოუკიდებლობას და არის თუ არა ევროკავშირი პროექტი, სადაც ისევ ქართველებთან ერთად მოუწევთ ცხოვრება.

ამიტომ სრულიად გულწრფელი სურვილი საქართველოს პოლიტიკური ელიტის მხრიდან უკეთეს სივრცეში ერთად ცხოვრების შესახებ აფხაზური მხრიდან ხშირად აღიქმება როგორც ყოფილი მეტროპოლიის მცდელობა, მის ყოფილ პერიფერიასთან აღადგინოს წარსული ურთიერთობები, ოღონდ სხვა სახელწოდებითა და ფორმატით.

მასალების გადაბეჭდვის წესი