მარჯანიშვილზე ტურისტებთან ჩხუბის შემდეგ 2 პირი დააკავეს

ტელეკომპანია რუსთავი 2 თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ ისინი ქართველ ქალთან ერთად ისხდნენ, რომელიც მათი გიდი იყო.

როგორც რუსთავი 2-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, თავდამსხმელები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, რომლებმაც ტურისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ კაფეს ინვენტარი და მინები დალეწეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობდნენ. პოლიციამ კაფეს თანამშრომლები ადგილზე გამოკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარჯანიშვილზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ერთ-ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ხოლო მეორე პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით, რაც პოლიციელის წინააღმდეგობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.