ახალი ამბებირეკლამა

ბათუმარანი – კულინარიული, ეთნოგრაფიული და კულტურული თავგადასავლების ადგილი

1 ივნისი, 2019 •
ბათუმარანი – კულინარიული, ეთნოგრაფიული და კულტურული თავგადასავლების ადგილი

ბათუმში დასვენება აჭარული კერძების დაგემოვნების გარეშე განახევრებული სიამოვნებაა. როცა გადაწყვეტთ, რომ ამ სიამოვნების გარეშე აჭარა არ დატოვოთ, აუცილებლად განახლებულ რესტორან „ბათუმარანს“ უნდა ეწვიოთ, სადაც ერთდროულად დაგხვდებათ ეთნოგრაფიული გარემო და აჭარული სუფრა ამ კუთხის ისტორიული ნიუანსებით. ყველა ინგრედიენტი, რაც აჭარული კერძებისთვისაა საჭირო, საგანგებოდ ირჩევა მთაში და „ბათუმარანის“ სამზარეულოში უგემრიელეს არომატებად იქცევა.

ნაცნობი და გაცოცხლებული კერძები

„ბათუმარანის“ მენიუ 60-მდე სხვადასხვა კერძისგან შედგება, რომლის ნაწილიც კარგად ცნობილი აჭარული სამზარეულოა, ნაწილი კი  – თითქმის მივიწყებული გემოები, რომლებიც „ბათუმარანში“ გააცოცხლეს.

რეცეპტების მოსაძიებლად რესტორნის თანამშრომლები ეთნოგრაფებთან, ფოლკლორისტებთან ერთად მუშაობდნენ, მოგზაურობდნენ მაღალმთიან აჭარაში და ეძებდნენ ძველ წიგნებში რეცეპტების ვარიაციებს.

ლაბასხმული საქონლის ხორცით, ნაღბიბორა, ჩირბული ნიგვზით, იახნი, წვნიანი სახელად – გაცურებული, შემწვარი ქათამი ნიგვზის ზეთში, რა თქმა უნდა, ბორანოს მრავალფეროვანი სახესხვაობები და სინორი, აჭარული ხაჭაპური მთის ჩლეჩილი, წელვადი ყველითა და მთის კარაქით.

დესერტადაც აჭარული ტკბილეული: ყაისაფა, ბეთმეზი, ბორეგი და სხვა. გარდა ეტიკეტირებული ალკოჰოლური სასმელებისა, აქ დააგემოვნებთ ოჯახის ღვინოსა და ხურმის, აკაციის, ვაშლისა თუ თაფლის, ასევე ოჯახში გამოხდილ არაყს.

ეს მცირე ამონარიდია ,,ბათუმარანის“ მრავალფეროვანი მენიუდან. ზოგიერთი კერძის სახელწოდება აუცილებლად გეცნობათ, ზოგიც ნამდვილად აღმოჩენა იქნება.

დესერტი ყაისაფა – მზადდება შავი ქლიავის ჩირის, ნიგვზის, კარაქისა და შაქრისგან

ადგილი, სადაც კერძები არამხოლოდ გემოებით, არამედ ამბებად, ისტორიებად გამახსოვრდებათ

რესტორანი სტუმრებს გასტრონომიულ თავგადასავალში ამოგზაურებს და დასაგემოვნებელი კერძების ისტორიასაც გააცნობს. „ბათუმარანში“ არამხოლოდ დააგემოვნებთ, არამედ გაიგებთ დასაგემოვნებელი კერძების შექმნის ამბებს.

მაგალითად, მაღალმთიან აჭარაში ფართოდ გავრცელებული ქათმის წვნიანი ტყლაპით, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლხინის სუფრის მეორე დღეს, ალიონზე მზადდებოდა და სტუმრებისთვის ნაბახუსევზე გასამასპინძლებელ საუკეთესო კერძად მიიჩნეოდა. ამ კერძს მთაში თურმე ბავშვებისთვის კვირაში რამდენჯერმე ამზადებდნენ, როგორც აუცილებელ წვნიანს.

მთის კარაქითა და ჩლეჩილი ყველით მომზადებული განთქმული ბორანო კი, განსაკუთრებული კალორიულობის გამო მთიან აჭარაში იყო და არის შრომისას აუცილებელი კერძი: აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებთათვის ბორანო ენერგიის წყაროა.

*2019 წლის 13 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციასარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

აჭარული ბორანო მთის კარაქის – იაღისა და ახალამოყვანილი ყველისგან მზადდება

აჭარული სუფრა, ისტორია, კულტურა და ეთნოგრაფია ერთ სივრცეში

რესტორნის პირველი სართული ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთგვარი მინიმოდელია, სადაც სტუმრები დაათვალიერებენ აჭარაში გავრცელებულ უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს: შრომის იარაღებს, ღვინისა და არყის დამზადებისას აუცილებელ ხელსაწყოებსა და ჭურჭელს. აქვეა ცალკე მოწყობილი, აჭარისთვის დამახასიათებელი რძის პროდუქტებისთვის აუცილებელი ჭურჭლის კუთხე, სადაც ორი საუკუნის კარაქის სადღვები ,,ვარია“, ერბოს, ყველისა და რძის შესანახი ჭურჭელია გამოფენილი. ყველა ექსპონატი აჭარის სოფლებში მოგზაურობის დროსაა შეძენილი ოჯახებისგან. „ბათუმარანის“ სტუმრებს სურვილის შემთხვევაში რესტორნის მასპინძელი ეთნოგრაფიულ კუთხეს გააცნობს.

მაღალი ხარისხის სერვისი, დაუვიწყარი გემოები და ცოცხალი პიტნის, დაფნისა და რეჰანის არომატით გაჯერებული „ბათუმარანის“ სივრცე, სტუმრებს პირველი ივნისიდან ეპატიჟება აჭარულ სუფრაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი